ესპანეთის პატარა ქალაქ ხეტაფეში, რომელიც რამდენიმე წლის წინ, დედაქალაქ მადრიდის გარეუბნად ითვლებოდა, პოლიციამ ჯერ კიდევ ნოემბერში მოპარული ხელოვნების 28 ნიმუში იპოვა. ყველა სკულპტურა და ნახატი მადრიდისა და ბარსელონას სამხატვრო გალერეებს ეკუთვნის. მათი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 5 მილიონი ევროა. ესპანელი ხელოვნების მიყვარულების სასიხარულოდ, პოლიციის მიერ აღმოჩენილი პრაქტიკულად ყველა ნახატი და სკულპტურა უვნებელია და რესტავრაციას არ საჭიროებს.
ესპანელი პოლიციელები დაკარგულ ხელოვნების ნიმუშებს გამალებით ეძებდნენ და მათი მუშაობა თავად ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ჰყავდა სპეციაურ კონტროლზე აყვანილი. პოლიციელები ხელოვნების დაკარგული ნიმუშების კვალზე მოქანდაკე ედუარდო ჩილიდის ერთ-ერთი ნამუშევრის წყალობით გავიდნენ. ქურდებმა აღნიშნული ხელოვნების ნიმუში, ძველმანების ბაზრობაზე სულ რაღაც 30 ევროდ ჩააბარეს. ამის შემდეგ სხვა სკულპტურები და ნახატები მალევე აღმოაჩინეს, მათ შორის ჩილელი მხატვრის ფერნანდო ბოტეროსა და პაბლო პიკასოს ნამუშევრები.
პოლიციის მტკიცებით, ხელოვნების ნიმუშები სატვირთო ავტომობილში ინახებოდა, რომელიც 2010 წლის 27 ნოემბერს ხეტაფეში არსებული ერთ–ერთ დიდი სატრასპორტო კომპანიის საწყობიდან გაიტაცეს. ესპანელები ვარაუდობენ, რომ ქურდებს კომპანიის თანამშრომელთა შორის მოკავშირე ჰყავდათ, რადგან მძღოლმა გასაღები ავტომობილში დატოვა.
გატაცებული სატვირთოს პოვნას პოლიციელები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, თუმცა, მანქანა ქურდობა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ამას გარდა, სატვირთოს პოვნა იმდენად აქტუალური აღარ არის, რადგან უმთავრესი ხელოვნების ნივთების პოვნა იყო და ეს პოლიციამ საკმაოდ მალე მოახერხა.