ახლო წარსულში ცნობილი ქართველი კალათბურთელი პაატა გურასპაული ერთი ხანობა ყოფილი სსრკ-ის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა.
ერთხელ ქართველ მოთამაშეს თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ასპარეზობა მოუწია. იმ მძიმე „განცდებს“ პაატა მოგვიანებით შემდეგნაირად იხსენებდა.
„1981 წელია. თბილისში ტარდება გაგარინის სახელობის ტურნირი კალათბურთში. იმ დღეს სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრები თბილისის „დინამოს“ ხვდებოდა.
მე სსრკ-ს ახალგაზრდული ნაკრების გუნდში ვირიცხები. როგორი საქმეა, შენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშო. რა ვქნა აღარ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე. თამაშზე უარს ვერ ვიტყვი, შეიძლება გამრიცხონ. შეიძლება კი არა - გამრიცხავენ. არადა, ჩვენს კალათში ბურთი როგორ ჩავაგდო? არ ჩავაგდებ და სიმულიანტად მომნათლავენ, ჩავაგდო და...
იმ დღეს მწვრთნელებს ყელგამოწელვით შევეხვეწე - პირველ ხუთეულში ნუ შემიშვებთ მოედანზე-მეთქი, რაც ნაწილობრივ შემისრულეს კიდევაც.
მაგრამ მოედანზე მაინც გამოვჩნდი. ვერ აგიწერთ, რა მძიმე წუთები და წამები გადავიტანე. ეს ის პროცესია, წამი რომ საათად გეჩვენება. ბედის დაცინვას რა ვუთხარი.
თამაშის ბოლო წუთზე ერთი ქულით ვაგებთ (სსრ ნაკრები), გულში მიხარია, რომ მაყურებლის რისხვა ამცდა და ვიღაც, რუსმა ალალბედზე ნასროლი ბურთი სულ ბოლო წამზე არ ჩასვა თბილისის „დინამოს“ კალათში. თამაშიც დამთავრდა და წავაგეთ... ერთი... ერთი ქულით (ქართველებმა).
აღარ ვიცი, რა ვქნა... როგორ მოვიქცე... გამიხარდეს თუ მეწყინოს? აღარ ვიცი რა ვქნა, ვიცი ერთი, რომ მაყურებელი მე მიყურებს. ესაა ტანჯვა, ითამაშო შენი გუნდის წინააღმდეგ, რა მექნა? თავი ჩავღუნე, ორივე ხელი თავს ზემოთ აღვმართე და ვუკრავ ტაშს, თან გასახდელისკენ მივიპარები. ტაში ჩვენს მაყურებელს ეკუთვნოდა, თუმცა ვინ გაიგებს? ტაში ყველამ თანაბრად გაინაწილა...“