კახა კუჭავა: გზავნილი ბრიუსელიდან ერთია - საქართველო რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი

კახა კუჭავა: გზავნილი ბრიუსელიდან ერთია - საქართველო რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი

ბრიუსელში ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული შეხვედრა, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ ჩაატარა და მნიშვნელოვანი იყო პარტნიორების მხრიდან მიღებული გზავნილები. გზავნილი კი ერთია, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამის ძალიან დიდი იმედია და ყველანაირი წინაპირობა, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზით მყოფმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს, რომ საქართველო ნამდვილად ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკაა და ევროკავშირის წევრობას იმსახურებს.

„ევროკავშირში აქვთ მოლოდინი, რომ დადებითად წარმართული პროცესები, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა და იმპლემენტაცია იქნება საწყისი, რომელზეც ჩვენ შევძლებთ დავაშენოთ კიდევ უფრო მეტად ამბიციური დღის წესრიგი. რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ გატარებული რეფორმებით და ნაბიჯებით, რომ 2024 წელს შევიტანთ განაცხადს ევროკავშირის მომავალ წევრობაზე და მალე გავხდებით ევროკავშირის წევრები. ევროპელ პარტნიორებს იმედი აქვთ, რომ გვექნება აქტიური პარლამენტი, სადაც ისმის კრიტიკა, ჯანსაღი დებატები და მსჯელობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ყველაზე მთავარია ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, რომელსაც ასე ელოდება ევროპა და დიდი ხანია ჩვენი მოსახლეობა. არის უკვე ნიშნები, რომ ამ პარლამენტმა შეძლოს დამტკიცება - ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა და ვიმსახურებთ ევროკავშირში წევრობას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.