ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ძალიან კარგად ჩანს თუ რამხელა მნიშვნელობისაა ეს შეთანხმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ წერილის მთავარი სულისკვეთებაა, რომ ეს შეთანხმება კარგია ქართველი ხალხისთვის.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი პასაჟი, რომელიც ამ წერილში ამოვიკითხე არის ის, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დახმარება და მხარდაჭერა გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი ინსტიტუციური მექანიზმი შეირჩევა იმისთვის, რომ საქართველო აქტიურად ჩაერთოს საერთო ევროპულ საქმიანობაში. ასევე, როგორც წერილში წერია, იქნება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროკავშირს და რა თქმა უნდა, ამ წერილის მთავარი სულისკვეთება არის ის, რომ ეს შეთანხმება არის კარგი ქართველი ხალხისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, ყველა პარტია, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს საქართველოს კეთილდღეობისთვის იშრომებს პარლამენტში და ვინც არ აწერს ისინი ქართველი ხალხისა და საქართველოს კეთილდღეობისთვის არ იბრძვიან", -განაცხადა სამხარაძემ.