რუსეთმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შუამავლობა შესთავაზა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმებით, რუსეთის ფედერაციამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყებასა და განხორციელებაში დახმარება შესთავაზა“, - აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვი სპეციალური სომხურ-აზერბაიჯანული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე იმუშავეს, მოსკოვი კი კომისიაში კონსულტანტის როლს შეასრულებს.
„გუშინ დავიწყეთ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მუშაობა არაფორმალური რეჟიმში. განვიხილეთ ჩვენი სომეხი კოლეგების თხოვნა და ამ თხოვნის შესაბამისად, ვიმსჯელეთ ერევანსა და ბაქოს შორის არსებულ მდგომარეობაზე. მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმებით, რუსეთის ფედერაციამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყებასა და განხორციელებაში დახმარება შესთავაზა, ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას სომხურ-აზერბაიჯანული ერთობლივი კომისია, რომელის მუშაობაშიც რუსეთს კონსულტანტის, ან შუამავლის, სტატუსით მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება,“ - აღნიშნა ლავროვმა.