ისრაელმა ბელა ჰადიდი

ისრაელმა ბელა ჰადიდი "ებრაული სახელმწიფოს გაქრობის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ტვიტერზე ისრაელის ოფიციალურმა ანგარიშმა, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ციფრული დიპლომატიის გუნდი მართავს, ცნობილი მოდელი, ბელა ჰადიდი, "ებრაელების ზღვაში გადაყრის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ჰადიდი, რომლის მამაც პალესტინელია, პროპალესტინური მოძრაობის მსვლელობას ესწრებოდა და მას პირდაპირი ეთერით გადასცემდა თავის ინსტაგრამზე.

"როცა ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც ბელა ჰადიდია, მხარს უჭერენ ებრაელების ზღვაში გადაყრას და ებრაული სახელმწიფოს გაქრობას. ეს საკითხი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს კი არა, ადამიანობას ეხება. სირცხვილი თქვენ", — წერს ისრაელის ანგარიში ტვიტერზე და ჰადიდის პირდაპირი ეთერის "სქრინშოტს" ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში ბელა ჰადიდის ანტიებრაული მოწოდება არ გაჟღერებულა, ისრაელის ცნობით, სუპერმოდელის ვიდეოებში ძველი შეძახილის სკანდირება ისმის, რომელსაც ჰადიდიც უერთდება: "მდინარიდან ზღვამდე პალესტინა თავისუფალი იქნება".

შეძახილი პალესტინელი აქტივისტების მიერ გამოიყენება და მდინარე იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე ტერიტორიაზე მიუთითებს, რომელიც ისრაელის გეოგრაფიული და პოლიტიკური საზღვრებია. აქტივისტების აზრით, ფრაზა პალესტინელების უფლებების მხარდაჭერის გამომხატველია, ისრაელის განცხადებით კი, ის ანტისემიტური განწყობის მატარებელია და ებრაული სახელმწიფოს გაქრობისაკენ მოწოდებაა.

ბელა და ჯიჯი ჰადიდები სოციალურ ქსელებში ღიად უჭერენ მხარს პალესტინას. ორივე მათგანმა ინსტაგრამის ანგარიშებზე ინფოგრაფიკები და საკუთარი განცხადებები გაავრცელა.

"მე მიყვარს ჩემი ოჯახი, ჩემი წარმომავლობა. მე მიყვარს პალესტინა და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების მათი იმედი ყოველთვის ახლობელი იქნება ჩემთვის", — წერს იგი ინსტაგრამის ერთ-ერთ პოსტში.

გასულ კვირას მოდელმა ასევე გამოაქვეყნა პროპალესტინური მოძრაობის მიერ შექმნილი ინფოგრაფიკები და ნახატები, თუმცა, მას შემდეგ, რაც მათში ანტისემიტური კარიკატურაც აღმოჩნდა, მალევე წაშალა.