NASA-ს კოსმოსური ზონდი „ვოიაჯერ 1“, რომელიც მზის სისტემის საზღვრებს გასცდა, დედამიწაზე მონაცემების გამოგზავნას აგრძელებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ამჯერად, ამერიკელმა მეცნიერებმა გადმოგზავნილ ინფორმაციაში პლაზმური ტალღები - ვარსკვლავთაშორისი გაზის მუდმივი გუგუნი აღმოაჩინეს. ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ „ვოაჯერის“ მონაცემების შესწავლა შესაძლებლობას მისცემთ, გაარკვიონ როგორია ურთიერთქმედება ვარსკვლავთაშორის სივრცესა და მზის ქარს შორის.
„ვოიაჯერი 1“ ერთ-ერთია იმ ორი იდენტური ხომალდიდან, რომლებიც NASA-მ 44 წლის წინ გაუშვა. ეს, ადამიანის მიერ შექმნილი, დედამიწისგან ყველაზე შორს მდებარე ობიექტია. 2012 წლის აგვისტოს მან ჰელიოპაუზა (მზის სისტემის გარე საზღვარი) გადაკვეთა და ახლა ვარსკვლავთაშორის სივრცეს იკვლევს. ის საათში 61 200 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება.