ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლთა შორის ომის დაწყების საფრთხე იზრდება. ისრაელის მოსახლეობა ორი დღეა გამაფრთხილებელი სირენებისა და პალესტინური რაკეტების აფეთქებების ქვეშ ცხოვრობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აგრესიას მზარდი ძალით პასუხობს და უპასუხებს. ისრაელის არმიისა და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ ოპერაციაში ისრაელმა „ჰამასის“ რამდენიმე უფროსი მეთაური გაანადგურა.
„ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ უფროსი მეთაურები და ეს მხოლოდ დასაწყისია. მათ წინააღმდეგ ისეთ დარტყმებს განვახორციელებთ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდნენ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ეკა ხატიაშვილი for.ge-თან მძიმე ღამეს იხსენებს. ქართველი ემიგრანტი გვიყვება, რომ ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მოქალაქეებს რეკომენდაციები უკვე აქვთ, თავი როგორ დაიცვან მას შემდეგ, როცა განგაშის სიგნალი ჩაირთვება.
უპირველეს ყოვლისა როგორ ხართ? რომელ ქალაქში იმყოფებით და თუ დაიბომბა თქვენი ქალაქი?
- მადლობა, კარგად ვარ. ვიმყოფები ქალაქ ჰერცელიაში, რომელიც თელ-ავივთან ახლოს მდებარეობს. პირველად დაბომბვა იერუსალმში განახორციელეს. გუშინ ჩვენი ქალაქიც დაიბომბა. განგაშის სიგნალი ღამის 21:00 საათზე ჩაირთო. ეს ნიშანია იმის, რომ ყველა სპეციალურად გამოყოფილ ოთახში უნდა შევიდეთ. ასეთი ოთახი ყველა ახალ აშენებულ სახლსა თუ კორპუსშია განთავსებული და რომელიც ყველანაირად დაცულია. ბომბი სახლსაც რომ დაეცეს, არ ფეთქდება. შევედით ოთახში და დაახლოებით ნახევარი საათი ვიმყოფებოდით. ბომბების ხმა გვესმოდა, თუმცა, ძალიან ახლოს არ ყოფილა. აქაც ჩამოყარეს და დაახლოებით ნახევარ საათში ამ ოთახიდან გამოვედით. შემდეგ, ღამის სამ საათზე ჩაირთო გამაფრთხილებელი ხმა და ღამე კიდევ ჩამოყარეს ბომბები.
ეკა, ისრაელს გააჩნია „რკინის გუმბათი“, რამდენად დაიცვა ამ მოწყობილობამ ქალაქი?
- „რკინის გუმბათს“ უდიდესი შედეგი აქვს, ბომბების 90%-ს ჰაერშივე ანადგურებს. ძალიან ჭკვიანი მოწყობილობა არის. ეს რომ არ იყოს, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. ქალაქში სერიოზული ზარალი არ ყოფილა. თელ-ავივში იყო სროლები და მეტი ზარალი სწორედ იქ არის.
ისრაელში მყოფ ქართველებთან თუ გაქვთ ურთიერთობა და ხომ არავინ დაზარალებულა?
- დიახ, ქართველებთან ურთიერთობა მაქვს. ჯერჯერობით არ გამიგია, რომ ქართველი დაშავებულიყო. (ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელში ერთი ქართველი დაშავდა). ქართველების ის ნაწილი, ვინც ძველ კორპუსებში ცხოვრობენ, კიბის ქვეშ ოთახში აფარებენ თავს. ასე თუ ისე, ყველა დაცულია. ერთადერთი საშიში მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქუჩაში ხარ, ან ეპიცენტრში იმყოფები. საფრთხე მეტად ისრაელის დასავლეთით არის.
კომენდატი ან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა?
- სამსახურებმა ძირითადად სამუშაო რეჟიმი შეწყვიტეს. ასევე, სასწავლო პროცესიც შეჩერდა. იმ ქალაქში, სადაც წინა ღამეს ბომბი ჩამოაგდეს, ან შესაძლოა, რომ ჩამოაგდონ, იქ სასწავლო პროცესს აჩერებენ. ძირითადად მოსახლეობა სახლშია. თუმცა, სამსახურები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისინი მუშაობას აგრძელებენ. კომენდატის საათი, როგორც საქართველოშია, ასე არ არის. ვისაც ჭკუა აქვს, იცის, რომ ასეთ დროს გარეთ არ უნდა გავიდეს. რისკის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში მაინც დადის. უბრალოდ, გვაფრთხილებენ, რომ ღია სივრცეში დიდხანს ყოფნას მოვერიდოთ, თორემ გარეთ გასვლა აკრძალული არაა.
თავად იმ ოჯახებმა, სადაც ქართველები მუშაობენ, თუ შეიფარეს საქართველოს მოქალაქეები და რამდენად ეხმარებიან?
- ძალიან ძლიერი ერია და ასეთ საომარ ვითარებას მიჩვეულები არიან, ამიტომ პანიკაში ნაკლებად ვარდებიან. ის ქართველები, ვინც ოჯახებში მოხუცის მოვლელად, ან ბავშვის ძიძებად მუშაობენ, როგორც მე, ოჯახებშივე ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში ქართველებს ყველანაირად გვერდით უდგანან და ცდილობენ სიმშვიდე შეინარჩუნონ. ოჯახის უფროსები მეუბნებიან, თუ გინდა მოიყვანე შენი მეგობრებიო. გვერდში დგომა იციან, ამ მხრივ პრობლემები არაა.
ახლა ქალაქში რა ვითარებაა, სიმშვიდეა?
- ჯერჯერობით სიმშვიდეა, მაგრამ შეიძლება საღამოს საათებში დაბომბონ. უფრო ღამის საათებში ისვრიან.
რამდენი ხანია რაც ისრაელში იმყოფებით და თუ შესწრებიხართ ასეთ ვითარებას?
- ისრაელში თითქმის სამი წელია რაც ვიმყოფები. დაახლოებით ორი წლის წინ იყო მსგავსი სროლები, უბრალოდ, მე მაშინ ჩრდილოეთით ვიყავი და ამ მხრივ ჩრდილოეთი ნაკლებად საშიშია. ახლაც, ჩრდილოეთ მხარეს სიმშვიდეა და არაფერი ხდება. ჩრდილოეთ მხარეს არის ქალაქი ხაიფა და მაშინ იქ ვცხოვრობდი. ინფორმაციის სახით ვიცოდი, რომ თელ-ავივში სროლები იყო. ასე პირდაპირ არ შევსწრებივარ, როგორც ახლა. ახლა, ყველაზე მწვავე სიტუაციაა. წლების წინ ყოფილა ხანგრძლივი დაბომბვები, რომელიც თვეების მანძილზე გაგრძელებულა. თუმცა, ახლა ყველაზე გამწვავებული სიტუაციაა.
იცით, რა არის, ზოგჯერ ყოფილა, პალესტინელები აანონსებენ, რომ იერიშს მიიტანენ. ამ პერიოდში ისრაელის მთავრობა ემზადება და მოსახლეობას აფრთხილებს. თუმცა, პალესტინელების მუქარა ყოველთვის არ მართლდება. ასეთ მუქარებსა და გაფრთხილებებს შევსწრებივარ.