როგორც კრიტიკოსები პროგნოზირებენ, მალე ეკრანებზე მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი გამოვა, თავად კი კვლავ მტკიცედაა დარწმუნებული იმაში, რომ როგორც მსახიობს, თამაში არ შეუძლია.
ჰოლივუდის ვარსკვლავები მუშაობის პროცესში მიღებული საინტერესო გამოცდილების შესახებ ხშირად საუბრობენ, თუ როგორი გამოსადეგია მათთვის რეპეტიციებზე მიღებული შენიშვნები და პროფესიონალების მიერ ჩატარებული მასტერკლასები. რობერტ პატინსონი კი იმდენადაა საკუთარი “ჩვეულებრიობის” კოცეფციის ერთგული, რომ თავს ტრადიციულ მამაკაც მსახიობად არ თვლის. საქმე იმაშია, რომ შემსრულებელი ფილმის გადაღებებისთვის რეპეტიციებს თითქმის არასდროს გადის, მიზეზი კი ექსპრომტად შექმნილი სპონტანური სიტუაციებია, რომლებიც მისი აზრით თუ კამერების ჩართვამდე რამდენჯერმე გაიმეორა, გადაღებების დაწყებისთანავე ხიბლსა და ბრწყინვალებას დაკარგავს.
“მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულზე მეტია რაც კინოინდუსტრიაში ვარ, ყოველი ახალი ფილმის გადაღებებზე ვნერვიულობ და შიშის გრძნობა მიტევს. ჩემი შესრულების მანერა კატასტროფულად ცუდია, გამუდმებით მგონია, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა, ამიტომ ნეგატიური სიახლეებისთვის ყოველთვის მზად ვარ.”
უცნაურია უარყოფითი ინფორმაციის წაკითხვა ადამიანზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობია, წარმატებული შემსრულებელი, რომელმაც მაყურებელს არაერთი დაუვიწყარი პერსონაჟი აჩუქა. ამ ყველაფერთან ერთად საყურადღებოა ისიც, რომ ნეგატიური ინფორმაცია, ხშირად არა კრიტიკოსებისგან, არამედ თავად მსახიობისგან ვრცელდება.
“როდესაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობს და ჩემი კოლეგებისგან გაოცებას ვერ ვხედავ, ვხვდები, რომ იმას ვაკეთებ, რისი მოლოდინიც უკვე არსებობდა. ამ დროს თავს სულელად ვგრძნობ და გამუდმებით წარუმატებლობის გრძნობა მეუფლება. თუ ჩემი შესრულება კარგია, ემოცია მსახიობებისა და შემოქმედებითი ჯგუფის გამომეტყველებაზე აუცილებლად გამოჩნდება.”
“ყოველთვის ვნერვიულობ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ინტერვიუა თუ ფილმის გადაღება. ვგრძნობ, რომ ფუნქციონირებისთვის ადრენალინი მჭირდება, სხვაგვარად უბრალოდ ვერ მოვახერხებ მოძრაობას. რაც უფრო კარგად ვიაზრებ, როგორია შემოქმედებითი ჯგუფი და ვისთან მიწევს თანამშრომლობა, მით უფრო ვიძაბები. ხშირად თავდაჯერებულობა მეკარგება და ნებისმიერ საბაბს ვეჭიდები საკუთარი თავის შესაძულებლად. აგენტები ჩემს პანიკურ ზარებს ხშირად არც კი უსმენენ და მეუბნებიან, რომ “ეს ყველაფერი უბრალოდ პროცესის ნაწილია.”
მიუხედავად იმისა, რომ რობერტ პატინსონი საყოველთაოდ ცნობილია “ბინდის” მთავარი პერსონაჟის ედვარდ კალენის როლის შესრულებით, მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ წარმატებულ კინოპროექტებში, როგორებიცაა Water for Elephants, Remember Me და The Rover.
ინგლისელი ვარსკვლავის კარიერული წინსვლა 2005 წელს დაიწყო, როდესაც Harry Potter and the Goblet of Fire-ში სედრიქ დიგორის როლი მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა მანამდე სამი კინოროლი მიიღო, შეიძლება ითქვას, რომ ჰარი პოტერის ფრენჩაიზში მონაწილეობამ რობერტის სამსახიობო კარიერაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
პატინსონი ხშირად აღნიშნავს, რომ ფილმის გამო უნივერსიტეტზე უარის თქმა მოუწია, რადგან გადაღებებისა და გატავირთული გრაფიკის გამო განათლების მიღებასა და პროფესიული საქმიანობის შეთავსებას ფიზიკურად ვერ მოხერხებდა. ამიტომაც მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება და შეიძლება ითქვას, რომ სავსებით სწორადაც მოიქცა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მისი კარიერული წინსვლა დაიწყო.
კინოინდუსტრიაში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ რობერტ პატინსონი მაყურებლის წინაშე ბეტმენის როლით წარსდგება. მსახიობისთვის, რომელიც გამუდმებით იმეორებს, რომ კამერების წინ თამაში არ შეუძლია და თავდაჯერებულობა აკლია, აჟიოტაჟმა, რომელიც სუპერგმირის როლზე დამტკიცების შემდეგ შეიქმნა, გაგიკვირდებათ და მის შემართებაზე არანაირი ზეგვალენა არ მოახდინა. სოციალურ ქსელში ადამიანების ნაწილი წერდა, რომ ფილმი წარუმატებლობისთვის იყო განწირული, რადგან მსახიობი მათ ბავშვობასთან დაკავშირებულ მოგონებებსა და წარმოდგენებს გაანადგურებდა. როგორც თავად რობერტი აღნიშნავს, კრიტიკა მისთვის სრულიად ბუნებრივი იყო, თუმცა ყველაფერს თავისი დადებითი მხარე გააჩნია, როდესაც დიდი მოლოდინი არ გაქვს, იმედგაცრუებაც ნაკლებია… რობერტ პატინსონის შემთხვევაში კი სწორედ ასეა.
“სიმართლე რომ ვთქვა, უარეს რეაქციას ველოდი, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. როდესაც ადამინებს შენს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ, შენგან არანაირი მოლოდინი არ აქვთ, ამიტომ ორივე მხრიდან იმედგაცრუებაც ნაკლებია.”
“ყოველთვის ვგრძნობდი ბეტმენთან კავშირს, თითქოს ბავშვობიდან მინდოდა ამ პერსონაჟის თამაში. ადრეულ ასაკში ბეტმენის სამოსი მქონდა, ეს იყო ჩემს გარდერობში არსებული ერთადერთი კოსტიუმი. შეგნებულად არ ვახსენებ სად ვიცვამდი ამ ფორმას… თუ როლი კარგად შევასრულე და ფილმი წარმატებული გამოვიდა, მაშინ აუცილებლად გავამხელ ამ ინფორმაციას. (იცინის)”
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რობერტ პატინსონს გადაღებების პროცესში იმპროვიზაციის ნიჭი ეხმარება. როდესაც მსახიობს კოვიდ-19 დაუდგინეს, ფილმის გადაღებები დროებით შეჩერდა, მისი პარტნიორი, ქალი-კატას როლის შემსრულებელი ზოი კრავიცი აღნიშნავდა, რომ კვირაში ხუთი დღის განმავლობაში ვარჯიშობდა, მაშინ როდესაც რობერტი აღიარებდა, რომ სახლში ყოფნის დროს თითქმის არაფერს აკეთებდა. კომიქსების სამყაროს საკულტო პერსონაჟ ქალი-კატას ახალი შემსრულებელი რობერტთან მუშაობას დადებითად აფასებს და მას იდეალურ “ბეტმენს” უწოდებს.
“რობერტ პატინსონთან აქამდე არასდროს მიმუშავია, თუმცა ამ პროექტში თანამშრომლობის დროს აღმოვაჩინე, რომ ძალიან სასიამოვნო პიროვნება და რაც მთავარია შესანიშნავი მსახიობია. ვფიქრობ, წინ უამრავი თავგადასავალი გველის. აღფრთოვანებული ვარ იმ ფაქტით, რომ ისე ჩემი პარტნიორია და მჯერა, რომ იდეალური მსახიობია ბეტმენის როლისთვის.”
თვითკრიტიკის მიუხედავად, პატინსონის საყვარელი საქმიანობა სწორედ მსახიობობაა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს დრო ლონდონსა და ლოს ანჯელესზე თანაბრად გადაანაწილოს, ის ყველაზე კომფორტულად თავს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გრძნობს, რადგან გადასაღები მოედანი მისთვის ულევი ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ადგილია.