ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:
„პოლიტიკური თანამდებობის პირები გადადგებიან მცხეთა-მთიანეთშიც, ანუ მოწერელიას, ხოჯევანიშვილის და კერესელიძის ხალხი, და არა მარტო ისინი.
ხოჯევანიშვილი რომ მერი გახდეს და ცოტა ხანში აღმოაჩინოს, რომ მისი მოადგილე თავზარაშვილი ყოფილა, ჩემი აზრით სრული უფლება ექნება, რომ ის შეცვალოს. მაგრამ, რაღაც არამგონია, რომ დღეს დაავალეს ამდენ მერს დევნა, ასე ერთდროულად და ასე კამპანიურად, - სცენარების მარტო კითხვა კი არა, საზეპიროებიც ვიცით უკვე (?!)
გახარიას ანბანური შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ პარტიის პრეზენტაციამდე დაფიქსირდა როგორც ცალკე სუბიექტი და ამით მსგავს პროცესებს თვითონ მისცა მსვლელობა. გახარიაც თავის გუნდით გადადიოდა თანამდებობიდან თანამდებობაზე და ასეთია ზოგადად ნორმა, ხოლო მის მხარდამჭერ ჯგუფებში მიმდინარე ინტენსიური აპელირება დევნაზე, პირის შეკვრაზე და ამოჩემებაზე, არის აშკარა მითი და ჩემი დაკვირვებით ეს მითი საჭიროა ოცნებისგან მართლა გამიჯნულობის დასადასტურებლად.
საბოლოოდ, ამ მიმართულებით ყველაფერს გიორგი გახარიას გამოჩენა და ძალიან დაგვიანებული პირველი ინტერვიუ მოფენს ნათელს - ან მასსავით დინჯი და სტაბილური იქნება ამის შემდეგ ამ მოძრაობის დინამიკა, ან იქნება ისეთივე თოთო და ბუზღუნა, როგორიც დღეს არის.
მე წარმატებებს ვუსურვებ ამ ძალას დამკვიდრებაში, ასევე ვუსურვებ ლევან ვასაძესაც, მარტვილის საკრებულოში მოსახვედრად კლიმენტი კეკუტიას ვუსურვებ თუ გნებავთ და ასე შემდეგ - მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში, მეტი წარმომადგენლობა ყველა დონეზე და ყველა კლასისთვის. რა დევნაზეა ლაპარაკი, სასათბურე პირობები შექმნა ქართულმა ოცნებამ საამისოდ და ზუსტად იმდენ წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სუბიექტს, რამდენსაც ამომრჩეველი ჩათვლის საჭიროდ. ამაშია პოლიტიკური პროცესის კანონზომიერება და ასე ვითარდებოდა პოლიტიკური კლასი ყველა დემოკრატიაში, ყველა ხალხსა და ყველა დროში".