გვინეტ პელტროუს თქმით, კარანტინში პურის ჭამა დაიწყო

გვინეტ პელტროუს თქმით, კარანტინში პურის ჭამა დაიწყო

პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა: თვითიზოლაციასა და კარანტინში გატარებული უამრავი კვირის განმავლობაში მანამდე ჩვეული ყოველდღიურობის დავიწყება და ახალ რუტინასთან შეგუება მოგვიწია.

ამის გამო ადამიანების არც ისე მცირე ნაწილმა სამსახური დაკარგა, სწავლა დისტანციურად გააგრძელა ან სხვა მნიშვნელოვანი გეგმები ჩაეშალა, რის შედეგადაც ბევრს საოჯახო შრომა გაეზარდა და კიდევ უამრავი ახალი პრობლემა შეექმნა. ასეთ გამოწვევებთან გამკლავებას ყველა სხვადასხვაგვარად ვცდილობთ, თუმცა აი ცნობილი სახეები, როგორც ყოველთვის, სულ სხვა პერსპექტივას გვთავაზობენ.

მაგალითად, ამერიკელმა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას განაცხადა, რომ კარანტინმა პურის ჭამა დააწყებინა.

წარმოგიდგენიათ?

მეტიც, მან ისიც აღიარა, რომ პასტის ჭამაც დაიწყო. დიახ, აი იმ რაღაცის, ჩვენ რომ ყველიან მაკარონს ვეძახით ხოლმე...

უარესსაც გეტყვით: როგორც პელტროუმ აღიარა, ყოველ საღამოს თავის მომზადებულ ორ ჭიქა ვისკის კოქტეილსაც სვამდა.

"კვირაში შვიდი დღის განმავლობაში ყოველ საღამოს ალკოჰოლს ვსვამდი, პასტას ვამზადებდი და პურს ვჭამდი. სულ ავიშვი", — განაცხადა მსახიობმა კარანტინის პირად გამოცდილებაზე.

თქვენ როგორ აიშვით კარანტინში? მაგალითად, ამ სტატიის ავტორი კომენდანტის საათის გამო შეზღუდულ ყოველ საღამოს ტკბილეულითა და სხვა სასუსნავებით ებრძვის მოწყენილობას, რაც მომატებულ წონაზეც აისახა.