გუშინ გამოცემამ „Goal.com” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ვებ-გვერდის ჟურნალისტების მტკიცებით, მიმდინარე წლის ზაფხულში სახელგანთქმული არგენტინელი დიეგო მარადონა ფრანგულ „მონპელიეს“ ჩაიბარებს.
გამოცემას „მონპელიეს“ პრეზიდენტი ლუი ნიკოლენი ესაუბრა და განუცხადა, რომ გუნდის ამჟამინდელი თავკაცი რენე ჟირარი ამ სეზონის შემდეგ თანამდებობას აუცილებლად დატოვებს.
ბატონმა ლუიმ თანამემამულე მას-მედიას სენსაციური ინფორმაცია აუწყა. აღმოჩნდა, რომ ის არგენტინელ დიეგო მარადონასთან მოლაპარაკებას წარმატებით აწარმოებს.
ნიკოლენი მარადონას აგენტ იუსეფ ჰაიჯუბს უკვე რამდენჯერმე ესაუბრა და მომავალი გარიგება თითქმის გაჩარხა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ რომ დიეგო „მონპელიეს“ 75 პროცენტით ჩაიბარებს. ჩვენი ქალაქისთვის მარადონას ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნება. ქალაქ მონპელიეს მსოფლიოში კი იცნობენ, მაგრამ არგენტინელი მისი პოპულარიზაციის საქმეში დიდ ნაბიჯს გადადგამს.
მიმდინარე წლის აპრილში დიეგო მონპელიეში გვეწვევა და მომავალი ხელშეკრულების პირობებს დეტალურად განვიხილავთ.
ორი დღის წინ მარადონას პირადად ვესაუბრე. მას დიდი სურვილი აქვს რომ ჩვენს გუნდს საფრანგეთის ჩემპიონის წოდება კიდევ ერთხელ მოუტანოს.“ - განაცხადა ლუი ნიკოლენმა.