პრესის (მედიის) თავისუფლების მსოფლიო დღემ, როდესაც ტრადიციულად მედიისადმი პატივისცემას და მხარდაჭერას გამოხატავენ, საქართველოში საკმაოდ უღიმღამოდ და უგერგილოდ ჩაიარა. ეს არც იყო გასაკვირი, ქვეყანაში არსებული მედია გარემოდან გამომდინარე. სამწუხაროდ, პარტიულ-პოლიტიკური გავლენების ტყვეობაში მყოფ ქართულ მედიას, განსაკუთრებით კი ტელევიზიებს, ამ დღეს სატრაბახო და საამაყო არც არაფერი ჰქონდათ.
მედიის და გამოხატვის თავისუფლებამ, ისევე როგორც დემოკრატიის სხვა მონაპოვრებმა, საქართველოში იმდენად მახინჯი ფორმები მიიღო, რომ მედია ადამიანთა ობიექტური ინფორმირების ნაცვლად, ადამიანების დევნა-შევიწროების და პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაიქცა. ამას ლამის ყოველდღე ხედავს ჩვენი საზოგადოება, ხოლო მისმა არაერთმა წევრმა კი, პარტიული ტელევიზიების მხრიდან დევნა, რომ იტყვიან საკუთარ თავზე გამოსცადა და თან არაერთხელ
მას შემდეგ რაც „კოჰაბიტაციით“ მოსულიერებულმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა განაყოფმა „ევროპულმა საქართველომ“ ზურგი გაიმაგრეს, მათ აქტიურად დაიწყეს საკუთარი მედია რესურსის შექმნა - გაძლიერება. ისინი კარგად უწყოდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება სწორედ კონტროლირებადი ტელეარხებით დეზინფორმაციის ტირაჟირება და მოსახლეობის ფსიქიკაზე ზემოქმედება იქნებოდა. დღეს მათ მიერ კონტროლირებადი ტელეარხები, 2004 წელს მიღებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ამერიკულ მოდელზე დასმული კანონის პირობებში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. საზოგადოებისათვის ამომწურავი, მიუკერძოებელი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება, ინფორმაციის, თვალსაზრისის და კომენტარის გამიჯვნა და ჟურნალისტის პროფესიული სტანდარტით დადგენილი წესები, მათთვის უკვე დიდი ხანია რაც აკრძალული ხილი გახდა.
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დღეს მასთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი, სიმართლეს ვერ გაექცნენ და იძულებული გახდნენ თავიანთ ანგარიშებში ეღიარებინათ , რომ „ბოლო წლებში მედიაგარემო ნაკლებპოლარიზებული, თავისუფალი და პლურალისტურია, რომ უფრო ნაკლებად შეიმჩნევა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მედიაზე ზეგავლენა, ხოლო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მეტი ხელმისაწვდომობა აქვს ინფორმაციის სხვადასხვა, განსხვავებულ წყაროებზე“.
მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს 2020 წლის ანგარიშში საქართველოს პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში უცვლელი დარჩა და 180 ქვეყანას შორის, კვლავ მე-60 ადგილზე ვართ, მაშინ როდესაც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პირობებში მე-100-ადგილზე ვიყავით. მთავარი რაც ამ დოკუმენტში არის ხაზგასმული, არის ის, რომ „ქართული მედია პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია“. ფაქტობრივად, ეს გახლავთ პასუხი სისტემატურად და მიზანმიმართულად განმეორებად ბრალდებებზე, თითქოს საქართველოში „მედია გარემო დამძიმდა“. ოპოზციის მომსახურე ერთ-ერთი ტელეარხის ცნობადი წამყვანი ამის მიზეზად ასახელებდა, რომ ხელისუფლების წამომადგენლები ამ ტელეარხის გადაცემებში არ მიდიოდნენ. მას, ბუნებრივია, არ უთქვამს თუ რატომ შეწყვიტეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტელეარხზე მისვლა, მაშინ როდესაც რეგულარულად მონაწილეობდნენ, ვიდრე ტელეარხმა მკვეთრად არ შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა და რომ იტყვიან „წითელ ხაზებს“ გადააბიჯა. სხვათა შორის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშში ისიც ხაზგასმულია, რომ „მფლობელები კვლავ ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“. ჩვენთან რატომღაც მედია თავისუფლად ითვლება, თუკი ის ხელისუფლებისგან არ კონტროლდება. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს თუ ვინ გაკონტროლებს და გიზღუდავს ჟურნალისტურ თავისუფლებას, ხელისუფლება თუ ტელეარხის მფლობელ-დამფუძნებელი?!
ქართულ მედიაზე მომზადებულ პრაქტიკულად ყველა კვლევაში ხაზგასმულია ჟურნალისტური კორპუსის დაბალი პროფესიონალიზმი, მედიასაშუალებების ფინანსური გაუმჭირვალობა და პოლიტიკური ინტერესები მედიის ფლობასთან დაკავშირებით. სწორედ ეს უკანასკნელი განაპირობებს დღეს იმას, რომ მეტ-ნაკლებად ყველა მსხვილი მედიასაშუალება, განსაკუთრებით ტელეარხები, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაიქცნენ. ამისათვის აღნიშნულ მედიებში დიდი ფული იდება, რომლის წარმომავლობაც კი გაუმჭვირვალეა და ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს ამა თუ იმ ტელეარხის რეალურ და ნომინალურ მფლობელებთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით ეხება ოპოზიციის მომსახურე სამ ყველასათვის ცნობილ ტელეარხს, რომლებიც გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტებად იქცნენ, სისტემატურად არღვევენ ადამიანის უფლებას ფლობდეს დროულ, ზუსტ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას. მეტიც, ამ ტელარხებმა დაიწყეს მათთვის და მათი სპონსორებისთვის არასასურველი ადამიანებისა თუ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, შანტაჟი, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც არსებულ საკანონმდებლო გარემოში გამოხატვის თავისუფლებად ინათლება.
ამ ტელეარხების დაბალი პროფესიული და მორალური სტანდარტის მაგალითად, წინასწარ შერჩეულ რესპოდენტებთან ე.წ. „ექსკლუზიური ინტერვიუებიც“ გამოდგება. ყველა უყურებს თუ რა ხშირად აძლევენ ე.წ. „ოპოზიციურ არხებს“ ექსკლუზიურ ინტერვიუებს ხელისუფლებაზე სხვადახვა მიზეზით განაწყენებული რესპოდენტები. ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, ხვდება, რომ რესპოდენტი დაინტერესებული პირია, შესაძლოა, პირადი ინტერესი ამოძრავებს და ცრუობდეს კიდეც, მაგრამ პოლიტიკური შეკვეთის შემსრულებელი, არათუ არ ამოწმებს ინფორმაციას, საკუთარ სუბიექტურ შეფასებებსაც უმატებს და შემდეგ დრამატულ ტონალობაში აწვდის აუდიტორიას.
ძალიან ნიშანდობლივია „ოპოზიციური ტელეარხების“ დამოკიდებულების და ტონალობის შეცვლა ე.წ. „ფანჩატურის ოპოზიციის“ იმ ნაწილთან, რომელმაც „საცივიდან თავის ამოყოფის“ შემდეგ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. ამ ტელეარხების „ჟურნალისტები“ უკვე აშკარად ცდილობენ მათ დამუნათებას და პრაქტიკულად ისე ექცევიან, როგორც ოპონენტებს. სავარაუდოდ, სხვა „დამსჯელი ღონისძიებებიც“ არ დააყოვნებს.
ბოლოდროინდელმა პროცესებმა პოლიტიკური კონფლიქტი მხოლოდ მცირედით განმუხტა. რადიკალური ოპოზიციის ბირთვი ჯერჯერობით კვლავ ქუჩაშია და შესაბამისად დეზინფორმაციის „საბრძოლო მზადყოფნაშია“ მათი მომსახურე მედიაც, რომელსაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ეკუთვნის პრესის თავისუფლების დღის მილოცვები.