ხშირად გვსმენია, რომ პოსტსაბჭოთაკავშირის ქვეყნებში ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ქალები ქართველებს ჰყავთო. თავად რუსებსაც ხშირად უღიარებიათ ამ საკითხში ჩვენი პრივილეგია. როგორც ჩანს, დროსთან ერთად ეს შეხედულებაც შეიცვალა.
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი რამდენიმე დღის წინ ცნობილი რუსი დიზაინერის, ვიაჩესლავ ზაიცევის საიუბილეო საღამოს სტუმრობდა.
როგორც ჩანს, თამარ გვერდწითელმა გადაწყვიტა, კონკურენცია გაეწია სხვა სტუმრებისთვის და ორიგინალური გამოჩენილიყო. ვარსკვლავი წვეულებაზე სხვადასხვა ფერის ვარდებით გაფორმებული შლაპით, ატლასის კაბითა და მასიური სამკაულებით გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილებიანი შლაპა 2013 წლის მოდური ტრენდია, გვერდწითელის აქსესუარი, შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი აღმოჩნდა.
სულელური თავსაბურავი – ერთადერთი მიზეზი არ იყო მომღერლის მოდური ჩავარდნისა. გვერდწითელს ზაიცევის იუბილეზე ატლასის გრძელი, ორნამენტებიანი კაბა ეცვა. ამ გადატვირთულ ჩაცმულობას გვერდწითელმა ყვავილებიანი შლაპაც არ აკმარა და მას მასიური, მყვირალა სამაჯური, საყურე და შავი კოლიეც დაამატა. მკვეთრი წითელი პომადა კიდევ უფრო ხაზს უსვამდა მომღერლის სულელურ ჩაცმულობას. – წერს ერთ-ერთი რუსული პორტალი.
იმისათვის, რომ გამორჩეულები იყვნენ, ვარსკვლავები ხშირად უგემოვნო ჩაცმულობას მიმართავენ. გემოვნებაზე არ დავობენ, მით უმეტეს, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, თუმცა, როცა ქართველის ჩაცმულობას რუსი აკრიტიკებს, ეს, დამეთანხმებით, განსაკუთრებით მტკივნეულია; მაგრამ თუ ობიექტურობას გამოვიჩენთ...
ობიექტური (გინდათ, სუბიექტური) შეფასება თქვენთვის მოგვინდვია...