"მაგთიფანი" - ასე ჰქვია მუსიკალურ პროექტს, რომელიც "მაესტროზე" აპრილის შუა რიცხვებში იწყება. შოუს "რუსთავი 2"-ის ძველი გვარდია აკეთებს. მკითხველს კარგად ახსოვს რამდენიმე თვის წინ მომხდარი სკანდალი, როდესაც მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით მუსიკალურმა რედაქციამ "რუსთავი 2" დატოვა და "იმედზე" გადავიდა. თუმცა პროექტების დაწყება ვერც მოასწრეს, რომ საკუთარი სურვილით "იმედიდანაც" წამოვიდნენ. მუსიკალური გუნდი, რომელიც მუდმივად მარინა ბერიძესთან ასოცირდებოდა, მოულოდნელად "მაესტროზე" გამოჩნდა, თუმცა ამჯერად ქალბატონი მარინას გარეშე. გუნდს ლანა ქუთათელაძე ხელმძღვანელობს. ის ახალი პროექტის, "მაგთიფანის" მთავარი პროდიუსერია. პროექტის საინტერესო დეტალებზე სწორედ მასთან ვისაუბრეთ, მაგრამ ბოლომდე საიდუმლოდ დატოვა, ვინ იქნებიან "მაგთიფანის" წამყვანები და იმ მუსიკალური სკოლის დირექტორი, რომელიც სულ რაღაც თვე-ნახევარში აიღებს სტარტს. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, სკოლის დირექტორი, სავარაუდოდ, ზაზა ხუციშვილი იქნება.
- რამდენიმე თვის წინ მარინა ბერიძესთან ერთად "რუსთავი 2" დატოვეთ. დღეს როგორ შეაფასებთ ამ ნაბიჯს?
- ეს ისტორია წარსულს ჩაჰბარდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ნებისმიერ დიდ კოლექტივში ხდება, როდესაც აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. ადამიანებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ და მართალი გითხრათ, საკონფლიქტოს ვერაფერს ვხედავდი, უბრალოდ, შემოქმედებითი თვალსაზრისით, ჩვენი მოსაზრებები არ დაემთხვა და მაშინ ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ "რუსთავი 2"-ზე ჩვენი კომპეტენცია აღარ იყო საჭირო.
- თუმცა თქვენ იქიდან არავის დაუთხოვიხართ, ქალბატონ მარინას გამოჰყევით.
- დიახ, არავის დავუთხოვივართ და არც არავის გავყოლილვართ. ეს იყო ერთი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ტელევიზიაში მუსიკალური პროექტები მაყურებელს ყოველთვის განსაკუთრებულად აინტერესებს. აქედან გამომდინარე, როდესაც რაღაც ხდება, ამ ფაქტების მიმართ განსაკუთრებული აჟიოტაჟია, მაგრამ ნებისმიერ სხვა სტრუქტურაშიც ხდება მსგავსი რაღაცები. ყოველთვის წინააღმდეგი ვარ შეთქმულების თეორიების, ზოგჯერ მეგობრებიც ვერ თანხმდებიან, თუმცა ჩვენ საჯაროობის მსხვერპლი ვხდებით. მაშინ გადავწყვიტეთ, იქ წავსულიყავით, სადაც ჩვენი პროფესიონალიზმი უფრო საჭირო იქნებოდა.
- და წახვედით "იმედზე"...
- ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტია "ანა-ბანა" და იმ მომენტში "იმედში" შემოგვთავაზეს, რომ უფრო ფართო შესაძლებლობებით გაგვეგრძელებინა. პარალელურად სხვა მუსიკალურ პროექტებზე იყო ლაპარაკი. მერე იქ მოხდა ის, რაც ყველამ ვიცით და საერთოდ, სახელმწიფოებრივი ცვლილებები ყველაზე სწრაფად ტელევიზიებზე აისახა. თუმცა ჩვენ არც ერთ არხთან არანაირი პოლიტიკური უთანხმოება არ გვქონია, უბრალოდ, ხანგრძლივი პაუზა გამოვიდა, რომ "იმედზე" რამე ახალი და სერიოზული დაგვეწყო. ჩვენ თავად ვთქვით, რომ წამოვიდოდით.
- თქვენი წამოსვლის შემდეგ "რუსთავი 2"-ზე ახალი მუსიკალური პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დაიწყო. როგორ შეაფასებდით?
- ჩემს კოლეგებს იმდენად დიდ პატივს ვცემ, რომ როდესაც ვხედავ, საქმეში დიდი შრომაა ჩადებული, ჩემთვის ეს უკვე მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, ადამიანს რაღაც კარგად გამოგივიდეს, ან საერთოდ არ გამოგივიდეს. მეც მქონია ცხოვრებაში შემთხვევები, როდესაც ათიანზე არ გამომსვლია. რაღაცები იყო, რაც ნაკლებად მომეწონა, მაგრამ როდესაც შედეგის მისაღწევად ბევრი ადამიანი შრომობს, ობიექტურად უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანის შრომას და მეორეც, ძალიან მაღალ ხარისხში მაქვს კოლეგიალობის შეგრძნება.
- როგორ მოხვდით "მაესტროში", თქვენი გუნდის ხელმძღვანელად მარინა ბერიძე აღიქმებოდა, თუმცა დღეს ამ პროექტი არ არის ჩართული.
- ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ერთ გუნდად მოვიაზრებოდით, თითოეული ჩვენგანი ზრდასრული ადამიანია და რიგ შემთხვევებში ინდივიდუალურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ამჯერად ქალბატონმა მარინამ არ მოისურვა სხვადასხვა მიზეზის გამო და არც მიკვირს. ყველასთვის მძიმე პერიოდი იყო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გვქონდა თითოეულ ჩვენგანს მისაღები. მისთვის ყველაფრის ისევ ნულიდან დაწყება პრობლემური აღმოჩნდა. მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ გავრისკეთ, "მაგთიფანს" იგივე გუნდი ვაკეთებთ, მუსიკალური ნაწილი, მანანა მორჩილაძე, ნინო ჩაჩავა, ლიკა სიჭინავა, თამუნა არჩვაძე, მაგრამ ჩვენი გუნდი არასოდეს შედგებოდა მხოლოდ მუსიკალური ნაწილისგან, არაჩვეულებრივი ჟურნალისტები და პროდიუსერები გვყავს, ეკა შონია, თათია ოდიშარია, თეონა მაზმიშვილი და ნინო ხანთაძე. ისინიც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ "რუსთავი 2"-დან. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი გუნდი დაგვხვდა "მაესტროზე".
- რით იქნება განსხვავებული თქვენი პროექტი სხვა მუსიკალური შოუებისგან?
- ჩვენ ვეძებდით ვოკალისტ-ინსტრუმენტალისტებს, იმიტომ, რომ პროექტის შედეგი იქნება ახალი მუსიკალური ჯგუფი. ინსტრუმენტალისტებით და ვოკალისტებით დაკომპლექტებული, რომლებიც ჯილდოდ ყველა იმ საშუალებას მიიღებენ, რაც ჯგუფს უნდა ჰქონდეს. ნებისმიერი მუსიკოსისთვის ეს ყველაზე სერიოზული მოტივაციაა პროექტში მონაწილეობისთვის, თუმცა პრიზები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
- მონაწილეები ერთ სახლში იცხოვრებენ და შოუს რეალითის სახე ექნება.
- დიახ, კასტინგით თვრამეტი კონკურსანტი შევარჩიეთ, მაგრამ შოუს ათი დაიწყებს და რვა რეზერვისტი გვეყოლება. ყოველ კვირა კონცერტზე ერთი კონკურსანტი დაგვტოვებს და შოუს რეზერვიდან დაემატება მონაწილე. ბოლო სამი კვირა არავინ გვემატება და რვა ფინალისტი დარჩება, საიდანაც მაყურებელი ერთ გამარჯვებულს აირჩევს. გამარჯვებული კი - ბენდის წევრებს.
- არჩეულ მონაწილეებში ხომ არ არიან სხვა კონკურსის მონაწილეები?
- ორი ადამიანია მხოლოდ ასეთი, მაგრამ არ გეტყვით - ვინ. შეიძლება, ვიღაცისთვის მათი გამოჩენა სიურპრიზი იყოს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ძალიან პოპულარულები არიან. ისინი "ვოისში" მონაწილეობდნენ. ჩვენს კონკურსებში მონაწილე ბავშვებიდან არც ერთი არ აგვიყვანია. კასტინგზე ორი მათგანი მოვიდა, მაგრამ უარი ვუთხარით. ჩვენ მუშაობის ჩვენი სტილი და ხელწერა გვაქვს. ისინი უკვე იყვნენ ჩვენი კონკურსანტები და მათში რაც შეგვეძლო ჩავდეთ. ახლა აღარ იყვნენ ჩვენთვის საინტერესონი. პროექტი ეთერში აპრილის შუა რიცხვებში გავა. "მაესტროში" ძალიან დიდი სტუდია შენდება, სადაც საკონცერტო ლაივები ჩატარდება.
- ჟიურის წევრების შესახებ გვესაუბრეთ...
- დათო ევგენიძე, მაია ჯაბუა და ახალგაზრდა მუსიკათმცოდნე შალვა ცხოვრებაძე, რომელსაც ჯერჯერობით მაყურებელი არ იცნობს. ძალიან საინტერესო ადამიანია, ბეთჰოვენიდან დაწყებული "პინკ ფლოიდით" დამთავრებული, უდიდესი ცოდნა აქვს მუსიკაში. და რაც მთავარია, საკუთარ მოსაზრებებს თამამად ამბობს. ჩვენ გვექნება თანამედროვე სიმღერების ტურები, ოქროს ჰიტები როკის მიმართულებით, მაგრამ არა მხოლოდ, ყველა ჟანრის მუსიკა გაიჟღერებს. უამრავი წელი გავატარე კასტინგებზე, მაგრამ ასეთი გახარებული არასოდეს ვყოფილვარ. ჩვენი კასტინგები სხვა წლებში და სხვა პროექტებში თუ ტანჯვა-წამებასა და მდარე ხარისხის მუსიკის მოსმენასთან იყო დაკავშირებული, "მაგთიფანის" კასტინგები მუსიკალური დღესასწაული იყო.
- როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოჰბეზრდათ შემსრულებლებს "ჯეოსტარი" და იმიტომ არ მოდიოდნენ...
- შეიძლება, არაფერი არ არის გამორიცხული. ალბათ ყველაფერი ოდესღაც ამოწურავს თავის თავს და ახალი სისხლია საჭირო. კასტინგებზე კონკურსანტების ნაკლებობას არც "საქართველოს ვარსკვლავი" განიცდიდა. არ ვიცი, კონკურსანტებს მოჰბეზრდათ თუ არა "ჯეოსტარი" და იმიტომ არ მოდიოდნენ, მაგრამ მე რომ რაღაც ახლის კეთება მინდოდა, ზუსტად ვიცი.
- ზოგს შეიძლება, ჩანაწერების გაშვება აბრკოლებდა, უბრალოდ, არ უნდოდათ, მათი წარუმატებლობა თუნდაც ახლობლებს ენახათ.
- ამ შემთხვევაში არაფერი არ გავა და არც არაფერია გასასვლელი. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ჩვენთან არც ერთი ადამიანი არ მოსულა, რომ მასზე გაგღიმებოდა. მუსიკალური ჯგუფების ორთაბრძოლა იყო, დიდი კონცერტი. რამდენიმე ისეთი მუსიკოსი გვყავს, რომ მგონია, ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან თანამედროვე ქართულ მუსიკაში.
- ვინ იქნებიან პროექტის წამყვანები?
- შერჩეული გვყავს, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ გახმაურებისგან. ერთს გეტყვით, რომ წამყვანებად ჟურნალისტები არ შეგვირჩევია, ისინი მომღერლები არიან და თავადაც იმღერებენ. ჩვენთან ყველა იმღერებს და დაუკრავს, ჟიურის წევრებიც კი. კონკურსანტები საკუთარ სიმღერებსაც შეასრულებენ.
- მამუკა ღლონტი ქართულ ტელებაზარზე რეალური შოუების პიონერია, ამ შემთხვევაში თუ ერევა პროექტში?
- სულ ვამბობ, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მამუკამ რაც უნდა გვითხრას რეალითის მიმართულებით, მისი მოსაზრება ჩემთვის კომპეტენტური იქნება. თუკი ერევა, იმდენად საინტერესო იდეები მოაქვს, რომ მხოლოდ მივესალმებით და ძალიან გვიხარია. ამ თვალსაზრისით ჯანმრთელი ურთიერთობა გვაქვს. აქვე მინდა გითხრათ, რომ პროექტს ანტიჟიური ეყოლება - ადამიანი ინკოგნიტო, რომელიც იმავე ჟიურის წევრი იქნება და კონკურსანტებს შეაფასებს. ისიც დაწერს ქულებს, ოღონდ მინუსებს და ჟიურისთან დისკუსიაში შევა. ამ ადამიანის ვინაობა გალაკონცერტამდე არავის ეცოდინება და ყველასთვის სიურპრიზი იქნება. ეს იდეა მამუკა ღლონტს ეკუთვნის, ინტრიგების უბადლო ოსტატს (იცინის). ანტიჟიური იქნება ადამიანი, რომელიც არავის არაფერს აპატიებს და ყველა შენიშვნას დააფიქსირებს.