Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin კოსმოსური ტურისტებისთვის სუბორბიტალურ ფრენას 20 ივნისს განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ხომალდზე New Shepard 6 ტურისტისთვის არის ადგილი, ერთ-ერთი ბილეთი კი 5-კვირიან ონლაინ-აუქციონზე გათამაშდება, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ტურში, რომელიც 5-19 მაისს ჩატარდება, მსურველები კომპანიის ვებგვერდზე განაცხადს განათავსებენ, რომელშიც მათთვის სასურველი თანხა იქნება მითითებული. ეს ინფორმაცია აუქციონის სხვა მონაწილეებისთვის დახურული იქნება.
19 მაისს მეორე ტური დაიწყება, რომლის ფარგლებშიც, აუქციონის მონაწილეები კონკურენტების მიერ შეთავაზებული თანხის ნახვას შეძლებენ და მონაწილეობის გასაგრძელებლად ფსონების აწევა მოუწევთ.
ვაჭრობა 12 ივნისს, ონლაინ-აუქციონით დასრულდება.
ფრენის დროს New Shepard დედამიწიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე ავა.