ნევინ ჯეი გაცნობის აპლიკაცია Raya-ს თვალიერებისას მოულოდნელად მსახიობ ბენ აფლეკს გადააწყდა. მას შემდეგ, რაც მათ ერთმანეთი და-match-ეს, ნევინი ეჭვებმა შეიპყრო: იქნებ, მის წინაშე ნამდვილი ბენ აფლეკი კი არა, ვიღაც თვითმარქვია იყო? ნევინმა გადაწყვიტა, ბენ აფლეკისთვის unmatch გაეკეთებინა.
როგორც აღმოჩნდა, ეს ბენ აფლეკს სულაც არ ესიამოვნა. ნევინის თქმით, იმის დასამტკიცებლად, რომ თვითმარქვია არ იყო, ბენმა მას ინსტაგრამზე ვიდეო გამოუგზავნა. ნევინმა ბენის ვიდეო გამომწერებს ტიკტოკზე გაუზიარა.
"ნევინ, რატომ დამა-unmatch-ე? ეს მე ვარ!" — ამბობს ვიდეოში ბენ აფლეკი.
ვიდეომ პოპულარობა მალევე მოიპოვა. ამის შესახებ ბენ აფლეკს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, ამიტომ დაზუსტებით არავინ იცის, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ვიდეო და ისტორია.
ვიდეომ მომხმარებელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
"ცნობილი ადამიანი რომ არ იყოს და ვიღაცამ მომწეროს და მკითხოს, თუ რატომ დავა-unmatch-ე გაცნობის საიტზე, თავს ძალიან არაკომფორტულად ვიგრძნობდი", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ნევინმა აღნიშნა, რომ ტიკტოკზე ვიდეოს დადებით ბენის დაცინვა განზრახული სულაც არ ჰქონია, პირიქით — მას საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება და იმაზე სიცილი სურდა, რომ ბენ აფლეკი თვითმარქვია ეგონა.