ბრიტანული Vogue-ის ივნისის გამოცემის გარეკანს ამჯერად ბილი აილიში ამშვენებს. მომღერალი ვრცელ ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე საუბრობს, ერთ-ერთი კი სექსუალური შევიწროებაა.
ინტერვიუს მიცემამდე, ბილიმ ამ საკითხთან დაკავშირებით სიმღერაც გამოუშვა. როგორც მომღერალი ამბობს, Your Power იმ ადამიანებზეა, რომლებიც სხვების გამოუცდელობით ბოროტად სარგებლობენ.
ბილი მიიჩნევს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მის ცხოვრებაში ახალი პერსპექტივები ჩნდება. "ადრე არ მესმოდა, რატომ ჰქონდა ასაკს მნიშვნელობა, რადგან, თინეიჯერობაშიც კი, ყველაზე დიდი ხარ, რაც ოდესმე ყოფილხარ", — ამბობს მომღერალი. "ხალხს ავიწყდება, რომ შეიძლება გაიზარდო და შემდეგ მიხვდე, რომ შენს ახალგაზრდობაში რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა", — განაგრძო ბილიმ.
ინტერვიუში ბილიმ ისაუბრა იმაზე, რომ უმცროს ასაკში, თავადაც იყო ძალადობის მსხვერპლი. იგი არ ასახელებს მოძალადის ვინაობას, მაგრამ აკონკრეტებს, რომ ეს ადამიანი არ არის მუსიკალური ინდუსტრიიდან. მომღერლის აზრით, პიროვნების დასახელება საზოგადოების ყურადღებას სხვა თემისკენ გადაიტანს და ხელს შეუშლის იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ ძალადობა სისტემურია.
მომღერლის თქმით ახალგაზრდა გოგოებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან. ის საკუთარი გამოცდილებიდან ჰყვება, რომ ძალიან სრცხვენოდა:
"გგონია, რომ ყველაფერი კარგად იცი და მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდები, იმის გააზრებაც კი გიჭირს, რომ ნამდვილად მსხვერპლი ხარ".
ბილი აილიში აცნობიერებს იმასაც, თუ როგორი რეაქცია მოჰყვება საზოგადოების მხრიდან მისი ისტორიის გაზიარებას Vogue-ის გარეკანზე გადაღებული ფოტოსთან ერთად. ის ფიქრობს, რომ ამ ფოტოების შემდეგ, სადაც იმიჯშეცვლილია და სექსუალურობას არ მალავს, საზოგადოება გააკრიტიკებს და ეტყვის, რომ შევიწროებაზე საუბრის უფლება არ აქვს. მათ ბილი ასე პასუხობს:
"დიახ, მკერდს ვაჩენ ნაბიჭვრებო, რადგან სინამდვილეში ძალადობას გამართლება არ აქვს და მისთვის საბაბი არ არსებობს!"