საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 1500 ადამიანამდე გაიზარდა. ამის პარალელურად, ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს. გუშინ, უკვე ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით, საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა.
ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოვაკის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში და ის 22 ქვეყანაშია აღიარებული. თუმცა, ჯანმოს მიერ ის ჯერ ავტორიზებული არ არის.
როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, ის სახელმწიფოს ურჩევდა, რომ „სინოვაკით“ ვაქცინაცია მაშინ დაწყებულიყო, როდესაც ჯანმო მას ავტორიზაციას მისცემდა. მისივე თქმით, მოქალაქეების ნაწილს იმუნიტეტის გასაძლერებლად „სინოვაკის“ ვაქცინის გაკეთება შესაძლოა სამჯერ დასჭირდეს.
საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. პარალელურად, ვრცელდება ახალი, ინდური შტამი, თუ გქვთ ინფორმაცია საქართველოში კოვიდის ინდური შტამი თუ არის დაფიქსირებული?
- ინდური შტამი პირობითი დასახელებაა, უბრალოდ, გარკვეული მუტაციების კომბინაციაა. შესაძლებელია, ინდოეთშიც რამდენიმე შტამია. ზოგადად, პრესის მიერ მოგონილ თემას ჰგავს. ნამდვილად ვიცით, რომ ჩვენთან ბრიტანული შტამი დაფიქსირდა და შესაბამისად, კოვიდის გავრცელების სიჩქარე მაღალია. საერთოდ, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია, კოვიდის ტემპის ზრდა მარტო იქ დაეცა, დანარჩენ ქვეყნებში მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
ინდურ შტამსა და ბრიტანულ შტამს შორის რა განსხვავებაა?
- ეს უფრო მოგონილი თემაა. რეალობა ის არის, რომ ინდოეთში მილიარდზე მეტი მოსახლე ცხოვრობს და ჰიგიენური დაცვა ნაკლებია და ისედაც გავრცელების ტემპი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. გასაკვირი ის არის, აქამდე რატომ არ ვრცელდებოდა. როგორც ჩანს, ახალი შტამი უფრო მალე გავრცელებადია, როგორიც არის თუნდაც ბრიტანული შტამი. ასევე, შესაძლოა, ინდური შტამი უფრო ადვილად აავადებს არა მხოლოდ ხანდაზმულებს, არამედ შედარებით ახალგაზრდა ჯგუფებს, რაც უფრო ნაკლებად ახასიათებდა ორიგინალურ, უხანის აღმოჩენილ შტამს. ისე სწრაფად იცვლება მოვლენები, რომ მეცნიერების მის დადგენას ვერ ახდენენ. ამიტომ, ადამიანების შეშინება არ შეიძლება. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ კოვიდი სერიოზული თემაა. ნებისმიერი ახალი შტამის პირობებში გადადება ადვილად ხდება, ამიტომ გაცილებით მეტი სიფრთხილე გვმართებს. ამიტომ, არის სწორედ ვაქცინაცია საჭირო, რათა დაავადება თავიდან ავიცილოთ.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ერთი კვირა უქმე დღები გამოცხადდა. ეს იქნება საქმარისი იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდეს?
- თუ უქმე დღეები არ გადაიქცევა ყოველდღიურ მასობრივ ქეიფებად და თავშეყრის ადგილებად, ნამდვილად შემცირდება, ან მინიმუმ შევინარჩუნებთ იმ მაჩვენებელს, რომელიც არსებობს. იმედი მაქვს, რომ მობილობა ნაკლები იქნება. თუმცა, მოქალაქეებმა შეგნებულად თუ არ დავიცავით რეგულაციები და ეს დღეები, პირიქით, თავშეყრებს მოვანდომეთ, მაშინ, სამწუხაროდ, გაიზრდება.
„სინოვაკის“ ვაქცინა უკვე შემოვიდა, თუმცა ვიდრე შემოვიდოდა, ამ ვაქცინაზე წინასწარი ჯავშნის გაკეთება 18 წლის ზევით ადამიანებს შეეძლოთ და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც იყო. დღევანდელი მონაცემებით „სინოვაკის“ ვაქცინაცინაზე ჯავშანი 15 325-მა ადამიანმა გააკეთა. ელოდით, რომ ამ ვაქცინაზე ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა, რადგან „სინოვაკის“ არც თუ კარგი პიარი ჰქონდა?
- სამწუხაროდ, ყველა ვაქცინის მიმართ ანტიპიარი მიმდინარეობს. თუმცა, კვლევების მიხედვით დაახლოებით მილიონ ადამიანს, ანუ 35%-ს უნდა, რომ აიცრას. ვინც აცრის სურვილი გამოთქვა, ეს რაოდენობა კიდევ ცოტა არის, მაგრამ ჩვენი გამოწვევა რჩება ის დარჩენილი 65%, რომ ისინიც აიცრან. რაც მეტი ვაქცინირებული იქნება, ნაკლები გავრცელება იქნება და ეს ახალი შტამებიც აღარ იქნება. ვაქცინაცია მარტო ახალ შტამებს კი არ შეაჩერებს, არამედ ვირულენტურობასაც შეაჩერებს, ანუ დაავადების სიმძიმე და სიკვდილიანობა დაიკლებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვირუსს გავცელების ნაკლები არეალი დავუტოვოთ. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ, რომ აიცრან და ეს რიცხვი მინიმუმ 80% უნდა იყოს.
რაც შეეხება „სინოვაკს“, ჯანმო მის ავტორიზაციას უახლოეს დღეებში აუცილებლად გააკეთებს. ამ ვაქცინას სხვა ვაქცინებთან შედარებით მინუსი შეიძლება ის ჰქონდეს, რომ შეიძლება მოსახლეობის მცირე ნაწილს ორი დოზა არ ეყოს და მესამე დოზა დასჭირდეს, რათა სრულყოფილი იმუნიტეტი განუვითარდეს.
ანუ, ნაკლებ იმუნიტეტს გამოიმუშავებს?
- აქამდე ინფორმაცია მწირია, როდესაც ჯანმო დაამოწმებს, შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. იმ ქვეყნებში, სადაც ამ ვაქცინის მასობრივი ადმინისტრირება მოხდა, იმ ქვეყნების გამოცდილებით, მოქალაქეების ნაწილს მესამე დოზა დასჭირდა. შეიძლება იმუნიტეტი დიდხანსაც გაგრძელდეს, ესეც არ ვიცით. ამიტომ, საბოლოო დასკვნის გამოტანა ჯერ ადრეა. ერთი ვიცით, რომ „სინოვაკი“ მძიმე ფორმისგან გვიცავს. თუმცა, ჩემი პოზიცია ასეთია, რომ სახელმწიფოს არ ვურჩევდი, ვიდრე ჯანმო ავტორიზაცის მიიღებდა, მანამდე დაეწყოთ ვაქცინაცია. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ხიფათი ელოდება იმ ადამიანებს, ვინც ამ ვაქცინით აიცრება. ყველა ვარიანტში დაცული იქნებიან და გართულებები არ ექნება.
ბოლო პერიოდში მოსახლეობაში ისმის, რომ ანტისხეულებზე გაიკეთეს ანალიზი და მათმა ანალიზმა უჩვენა, რომ კოვიდი გადატანილი ჰქონდათ, თუმცა უსიმპტომოდ და არ იცოდნენ. ეს შესაძლებელია?
- კი, როგორ არა. თბილისში 35%-ს კოვიდი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი. საქართველოს მასშტაბით კვლევა გაკეთდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით 15%, მაგრამ თბილისის მასშტაბით 35%-ს აქვს გადატანილი. დიდ ქალაქებში დაახლოებით იგივე ციფრებია. ოფიციალურად 300 ათასი კოვიდინფიცირებული გვყავს დარეგისტრირებული, ეს მოსახლეობის 10%-ია. ანუ, ვხედავთ, რომ მოსახლეობის 1,5-ჯერ მეტს აქვს კოვიდი გადატანილი. ეს თავიდანვე ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, რადგან ფართოდ გავრცელების მომენტში ბევრს შეიძლებოდა უსიმპტომოდ გადაეტანა.
ეს შეიძლება დადებითად ჩავთვალოთ, რადგან მათ ვინც უსიმპტომოდ გადაიტანეს, იმუნიტეტი გამოიმუშავეს უკვე?
- შეიძლება იმუნიტეტიც არ ჰქონდეთ. როდესაც ადამიანი უსიმპტომოა, შეიძლება, იმუნიტეტი არც ჰქონდეს. როდესაც ადამიანი გადაიტანს, ეს უკვე დადებითი ფაქტია.
როდესაც ანტისხეულებზე გიდასტურდება, რომ ადამიანს კოვიდი გადატანილი აქვს, ამ შემთხვევაში ვაქცინა შესაძლებელია თუ არა?
- ტყუილია და მცდარი ინფორმაციაა, თითქოს ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი, მათ ვაქცინაცია არ სჭირდება. არ ვიცი, ამ ინფორმაციას რატომ ავრცელებენ. როდესაც მძიმე სიმპტომები გაქვთ, მაშინ რეკომენდირებული არაა ვაქცინაცია, მაგრამ თუ უსიმპტომო ხართ, ვაქცინის პრობლემა არ არსებობს. თუ 39 გრადუსი სიცხე არ გაქვთ, მაშინვე შეგიძლიათ ვაქცინა გაიკეთოთ. პირიქით, ვაქცინა იმუნიტეტს უფრო აძლიერებს, ამით არის კარგი. გადატანილი კოვიდი და პლუს ვაქცინა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი იმუნიტეტს უფრო აძლიერებს. მხოლოდ ერთი მიზეზი იყო, რომ ვაქცინა ყველასთვის არ იყო, იყო რიგითობა - ჯერ უკეთებდნენ იმას, ვისაც დაცულობა ნაკლები ჰქონდა.