სკანდალური ქურდობა ქართველი ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში

სკანდალური ქურდობა ქართველი ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში

ცოტა ხნის წინ დიდი სკანდალი გამოწვია თბილისში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი ბინიდან საკმაოდ სოლიდური თანხის დაკარგვის შესახებ გახდა ცნობილი. ამ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის სახელიც გაჟღერდა, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, როცა ბინიდან თანხა დაიკარგა, იქ იმ დროს სწორედ ბექა და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ, რომელთაც ბინა ამერიკაში მყოფმა ქართველმა მეპატრონემ ათხოვა. რა თქმა უნდა, გაჩნდა ინტერესი, ვინ უნდა ყოფილიყო ქართველი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და სოლიდურ თანხას და უამრავ სამკაულს თბილისში, ბინის სეიფში ინახავს.

რედაქციაში დაგვიკავშირდა პიროვნება, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცაღა ბინის მფლობელსა და მომხდარ ამბებზე ბევრი საინტერესო რამ გვიამბო.

ბაია დავითაია ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი ცოლია. მას თბილისში ორი ბინა აქვს. ერთი - ცნობილი თერთმეტსართულიანი სახლის უკან მდებარე ელიტურ სახლში, რომელიც ცირკს და გმირთა მოედანს გადმოჰყურებს, იქ მას მთელი სართული ეკუთვნის. მეორე ბინა კი ბაიას ვაკეში აქვს. თემურ უგულავას ამჟამად უკვე მეოთხე ცოლი ჰყავს. ბაია მისი რიგით მეორე მეუღლე იყო. სხვათა შორის, სწორედ თემურ უგულავაა მსახიობ ეკა ნიჟარაძის უმცროსი ვაჟის მამა. როგორც ამბობენ, გაშორების შემდეგ უგულავამ ყველა ყოფილ ცოლსა და შვილებს უყიდა ბინები, მანქანები და გარანტირებული ცხოვრება მოუწყო. ყოფილ ცოლებს, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ, თუმცა როგორც ამბობენ, გამალებით ეჯიბრებიან ჩაცმა-დახურვაში და ყველა მათგანი ცნობილი ბრენდების ტანსაცმლით იმოსება.

თემურ უგულავა კაზინო "აჭარას" მფლობელია, რომელიც ამჟამად გაქირავებული აქვს; მასვე ეკუთვნის სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", ყაზბეგში ახალგახსნილი სასტუმრო, "რუმს ყაზბეგი", ხე-ტყის ბიზნესი, ქარხნები და კიდევ სხვა ბიზნესები. არაოფიციალური ინფორმაციით, თემურ უგულავა 60 მილიონის მფლობელია. თუმცა ამ მონაცემში სერიოზული ეჭვი შეაქვს ჩვენს რესპონდენტს და ამბობს, რომ თემური გაცილებით მდიდარია. ასე რომ, მისი ბიუჯეტი მხოლოდ სამ ყოფილ და ერთ ახლანდელ მეუღლეს კი არა, შვილების ღირსეულად შენახვასაც ჰყოფნის და, როგორც ამბობენ, ბიზნესმენი ახალგაზრდა გოგონებთანაც ხშირად ერთობა და მათ მიმართაც განსაკუთრებული გულუხვობით გამოირჩევა.

ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, ბაია დავითაიასთან დაშორების შემდეგ თემურ უგულავა დიზაინერ იკა ბობოხიძესთან ცხოვრობდა, რომელიც მანამდე ბაიას ახლო მეგობარი იყო. ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, შემდეგ გია ყანჩელის ქალიშვილთან გააბა რომანი. "იკა ბობოხიძეს თემურმა მშვენიერი ბინა უყიდა, ხოლო ყანჩელის ქალიშვილი მისგან ფეხმძიმედ იყო და უკვე გაუჩინა ბავშვი თუ არა, არ ვიცი, კარგა ხანია არ მინახავს", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც თემურ უგულავასა და მის ცოლებთან მეგობრობს.

მდიდარ ხალხს რომ ცნობილებთან მეგობრობა ხიბლავს, ეს არახალია. ბაია დავითაია შვილის მკურნალობის გამო დიდ დროს ატარებს ამერიკაში და სწორედ იქ დაუახლოვდა ახალგაზრდა ვირტუოზ ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილს. ბექა ამჟამად ამერიკაში სწავლობს. საქართველოში ცოტა ხნით ჩამოსულს კი ბაიამ თავისი ერთ-ერთი ბინის გასაღები ათხოვა. ფუფუნებაში ცხოვრება ვის არ სიამოვნებს, თუნდაც ცოტა ხნით. ჯაზმენს ბაიას ბინაში მეგობრები შეუკრებია და მათი გართობა რა სკანდალით დასრულდა, მთელმა ქვეყანამ გაიგო. როგორც მომდევნო დღეებში პოლიციამ განაცხადა, ბინიდან
60 ათასი ევრო, 20 ათასი ლარი, 10 ათასი აშშ დოლარი და 300 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა დაიკარგა. ბექა გოჩიაშვილი კი მოწმის სტატუსით დაკითხეს. ბევრ სხვა პიროვნებასთან ერთად, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. იგი ჯაზმენის ქომაგი, მაგრამ იმავდროულად, როგორც ამბობენ, ბაია დავითაიას ახლო მეგობარია. უფრო მეტიც, ქალაქში მათ რომანზეც ჭორაობენ.