ამერიკელი მომღერლის, ლედი გაგას ორი ფრანგული ბულდოგის გატაცებისთვის პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ BBC წერს.
სამ ადამიანს, 18 წლის ჯეიმს ჯეკსონს, 19 წლის ჯეილინ უაითს და 27 წლის ლაფიეტ უელის გამოძიება მკვლელობის მცდელობასა და ყაჩაღობას ედავება. ამასთან, დაკავებულია ჯეილინ უაითის მამა, 40 წლის ჰაროლდ უაითი და 50 წლის ჯენიფერ მაკბრაიდი. მათ მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობა ედებათ ბრალად.
დაკავებულები აცხადებდნენ, რომ არ იცოდნენ, ლედი გაგას ძაღლებს თუ იტაცებდნენ. პოლიცია კი ამტკიცებს, რომ მათ, ძაღლების ჯიშიდან გამომდინარე, ღირებულებაზეც ჰქონდათ ინფორმაცია და სწორედ ეს იყო დანაშაულის მოტივი.
ძაღლებს 24 თებერვალს ლედი გაგას თანაშემწე რაიან ფიშერი ასეირნებდა, როდესაც მასთან შეიარაღებული კაცები მივიდნენ და ძაღლების წაყვანა სცადეს. როდესაც ფიშერმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთმა მათგანმა ის დაჭრა. ლედი გაგამ განაცხადა, რომ ძაღლების დაბრუნების შემთხვევაში, 500 000 დოლარს გადაიხდიდა - მაშინაც კი, თუ ვიღაც მის ძაღლებს იყიდდა ან ქუჩაში იპოვიდა.
ძაღლები პოლიციაში მიიყვანა ქალმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. ის პოლიციელებს და ლედი გაგას წარმომადგენლებს 26 თებერვალს შეხვდა. პოლიციის ინფორმაციით, ქალს ძაღლების გამტაცებლებთან არანაირი კავშირი არ აქვს.