ილონ მასკი: მარსის ათვისებისას ბევრი ადამიანი დაიღუპება

ილონ მასკი: მარსის ათვისებისას ბევრი ადამიანი დაიღუპება

SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დაუშვა, რომ მარსის ათვისების პროცესში შესაძლოა არაერთი ადამიანი დაიღუპოს. ამის შესახებ მან ფონდ X Prize-ის ხელმძღვანელთან, პიტერ დიამანდისთან საუბრისას განაცხადა.

„შესაძლოა დაიღუპოთ. ეს კომფორტული არ იქნება, შესაძლოა კარგი საკვები არ გქონდეთ და ა.შ. ეს რთული და სახიფათო მოგზაურობა იქნება, რომლიდანაც შესაძლოა ცოცხალი ვერ დაბრუნდეთ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ალბათ ბევრი ადამიანი დაიღუპება“, - განაცხადა მასკმა.

მან ასევე დასძინა, რომ მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მოხალისეებისთვის გახდება შესაძლებელი, რომლებისთვისაც ეს „კარგი თავგადასავალი და წარმოუდგენელი გამოცდილება“ იქნება.

SpaceX-ი მარსსა და მთვარეზე ფრენებისთვის კოსმოსურ ხომალდ Starship-ზე მუშაობს. 2020 წლის დეკემბერში მასკი ამბობდა, რომ დიდი ალბათობით, ადამიანი მარსის ზედაპირზე 6 წლის შემდეგ მოხვდება.