მსოფლიოს კორონავირუსის სრულიად ახალი ფორმა, B.1.617 ემუქრება, რომელიც კოვიდ-19-ის ორმაგი მუტაციაა. ამ დროისთვის ახალი შტამი ინდოეთში დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკულის და ბრაზილიური შტამის კომბინაციას 50% გადამდებლობა ახასიათებს, ვიდრე ვირუსის ძველ ვარიანტებს. პანდემიის გავრცელების კუთხით, ინდოეთში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
სპეციალისტების ერთი ნაწილი ამას იმით ხსნის, რომ ინდურ შტამს გადამდებლობა მაღალი აქვს, თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ინდური შტამი სხვა შტამებისგან დიდად არ განსხვავდება და ინდოეთში არსებულ ვითარება ქვეყანაში თითქმის არარსებული ჯანდაცვის ბრალია.
თუმცა, ფაქტია, რომ ე.წ ინდურ შტამი საშიშია ყველა ასაკის ჯგუფისთვის. ის ერთნაირად მოქმედებს როგორც ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში. ამასთან, როგორც ცნობილია, ზრდის ლეტალობის შემთხვევებს, გვერდს უვლის ანტისხეულებს და მაღალი ალბათობაა რეინფიცირების. ამის ფონზე კი უცნობია, იმუშავებს თუ არა ახალი შტამის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები. თუმცა, სწორედ იმუნიზაციის დაბალი აქტივობა სახელდება ვირუსის სრულიად ახალი ფორმის გავრცელების მიზეზად.
კორონავირუსის სრულიად ახალი ფორმა უკვე 16 ქვეყანაშია დადასტურებული, მათ შორის ბრიტანეთში. ლაბორატორიულად, ე.წ. ინდური შტამის შემთხვევა საქართველოში არ გამოვლენილა.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი საქართველომდე ვერ მოაღწევს. ამასთან, თვლის, რომ ახალი სახეობა ვირუსის სხვა სახეობებისგან დიდად არაფრით განსხვავდება.
„წესით არ უნდა მოვიდეს საქართველომდე, თუ ნორმალურად იმუშავებს შესაბამისი ორგანოები და არ მოხდება ინფექციის შემოტანა. ინდოეთი საკმაოდ შორს არის. თანაც, თუ არ მოხდა თვითმფირნავიდან ასეთი მგზავრის ჩამოსვლა. ინდური შტამი განსხვავდება იმით, რომ ბევრად მაღალი გადამდებლობის უნარი აქვს.
ინდოეთში ვხედავთ რა პირობებში ცხოვრობს ხალხი. მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს ქოლერა და ინდოეთში მძვინვარებს ხოლმე პერიოდულად. თვითონ სახლები ძალიან ახლოს აქვთ ტერიტორიულად და ასევე ვხედავთ ანტისანიტარიას. ამ ადამიანების სოციალური ურთიერთობა ძალიან აქტიურია. ინდოელებს ძალიან უყვართ ერთმანეთთან ხელით შეხება და ცხოვრების წესი, მათი სოციალური სიახლოვე ძალიან ადვილს ხდის ვირუსის გადაცემას.
ინდოეთში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ცოტა გაზვიადებულად მეჩვენება. სამედიცინო დახმარება ძალიან ძნელია გაუწიო, როდესაც დღეში 350 ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირდება. ამერიკამ ვერ გაუძლო ასეთ შემოტევას და ინდოეთი, სადაც პაციენტების რაოდენობა დიდია, ადამიანები უპატრონობით იღუპებიან. ასე რომ, რთულია რაიმე განსაკუთრებული განსხვავება ვნახოთ ინდურსა და ბრიტანულ შტამს შორის. ბრიტანული შტამი რომ მოხვედრილიყო ინდოეთში, იგივე შედეგები იქნებოდა.
თუ პასაჟირება ასეთი აქტიური ექნება ინდურ შტამს, ის, რა თქმა უნდა, უფრო გაძლიერდება. ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადებული შტამი უფრო ძლიერი იქნება. თუ ხანგრძლივად გაგრძელდა ინდოეთში ეს ეპიდემია და ამ ეპიდემიაში გამარჯვებული შტამი გამოვიდა ევროპაში, უკვე საკმაოდ სერიოზული შედეგები მოჰყვება, თუმცა, მაინც ეჭვი მეპარება აქ რამე განსაკუთრებული იყოს“, - თქვა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი, ინდური შტამის ორმაგი, სამმაგი მუტაცია ძირითადად მედიის მოგონილია.
„ბრიტანული შტამი და ინდური შტამი - იქ არის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ეს ყველაფერი ძირითადად მედიის მოგონილია. ეს არ შეიძლება ასე იანგარიშოთ, ეს ჩვეულებრივი მუტაციებია. კი ბატონო, მათში უფრო მეტი მუტაციაა. როდესაც მთელ მსოფლიოში რამე გავრცელდება, საქართველოც მთელი მსოფლიოს ნაწილია და ის მისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება. როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, ვერ ჩაიკეტება“, - თქვა იმნაძემ.
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია. მისივე თქმით, არც ერთი შტამი სერიოზულად ერთმანეთისგან არ განსხვავდება.
„ჯერ ჩვენთან ინდური შტამი არ დაფიქსირებულა და იმის ალბათობა, რომ ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია, ვიდრე ბრიტანული, ვინაიდან ბრიტანული შტამი პრაქტიკულად მთელ ევროპაშია გავრცელებული. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ამიტომ სხვანაირად ვერც მოხდება. არც ერთი შტამი სერიოზულად ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ყველაზე მეტად ინფორმაცია გვაქვს ბრიტანულ შტამზე, ინდურზე სრული ინფორმაცია არ გვაქვს. ბრიტანული შტამი იოლად ასნებოვნებს შედარებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს. დღეს არსებული ვაქცინების უმეტესობა იცავს მოსახლეობას, შეიძლება არათანაბრად, მაგრამ მაინც იცავს ყველა არსებული შტამისგან“, - განაცხადა ცერცვაძემ.