ბილი აილიშმა ახალი ალბომის გარეკანი და გამოსვლის თარიღი გამოაქვეყნა

ბილი აილიშმა ახალი ალბომის გარეკანი და გამოსვლის თარიღი გამოაქვეყნა

ამერიკელმა მომღერალმა, ბილი აილიშმა, რიგით მეორე სტუდიური ალბომის გამოსვლის თარიღი დაასახელა. ალბომი, სახელად Happier Than Ever, 30 ივლისს გამოვა.

ახალგაზრდა პოპვარსკვლავის განცხადებით, ალბომიდან ახალი სინგლი 29 აპრილს გამოვა.

"ეს ჩემი შემოქმედების ყველაზე საყვარელი ნაწილია, ამიტომ ძალიან მიხარია, ვნერვიულობ და, თან, ერთი სული მაქვს, როდის მოისმენთ მას", — წერს აილიში, — "სიტყვებით ვერ აღვწერ. იმ საქმის მიმართ, რომელსაც ვაკეთებ, ამხელა სიყვარული არასდროს მიგრძნია. ვიმედოვნებ, თქვენც იგრძნობთ იმას, რასაც მე განვიცდი".

მომღერალმა გამოსვლის თარიღთან ერთად ალბომის გარეკანიც გამოაქვეყნა. მასზე გამოსახულ ფოტოზე, რომელიც 50-იანების ესთეტიკას ატარებს, აილიში თვალცრემლიანია გამოსახული.

ალბომში შემავალი 16 სიმღერიდან ერთ-ერთის ნაწყვეტი მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზე პატარა ვიდეოს სახით გამოაქვეყნა 26 აპრილს. ალბომის სახელწოდებაც, როგორც ჩანს, ამ სიმღერის ტექსტიდანაა აღებული: "When I'm away from you, I'm happier than ever" ("როცა შენგან შორს ვარ, ყველაზე ბედნიერი ვარ").

არაერთი მსოფლიო ჰიტის შემქმნელმა, 19 წლის ბილი აილიშმა, სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? 2019 წლის მარტში გამოუშვა.

2021 წლის მარტში მომღერალმა კიდევ ერთი გრემი მოიპოვა სიმღერისთვის Everything I Wanted, რომელიც ასევე შედის მეორე სტუდიურ ალბომში.