მეგობრობა გზად და ხიდადო უთქვამთ და მართლაც, ხშირად ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან, კრიტიკულ, ემოციურ და დასამახსოვრებელ ეტაპებს საუკეთესო მეგობრებთან ერთად გადის.
თუმცა ხანდახან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთმანეთს ზედმეტად მივეჩვიოთ და დაგვავიწყდეს, თუ რა დიდი მნიშვნელობაა აქვს კონკრეტულ ადამიანს ჩვენს ცხოვრებაში და როგორ სჭირდება ამ ჯილდოს მოფრთხილება.
მეგობრობაში ბზარები განსაკუთრებით მაშინ შეიძლება გაჩნდეს, როცა ერთ-ერთის ცხოვრებაში გარკვეული პრობლემა, გამოწვევა ან სიახლე გამოჩნდება, მეორე კი ამას ფეხს ვერ აუწყობს, საყვარელ ადამიანს გვერდში არ ამოუდგება, რამაც შეიძლება მათი გზებიც დააშოროს ერთმანეთს.
ძვირფასი ურთიერთობის მოულოდნელად გაციების თავიდან ასარიდებლად რამდენიმე მარტივ და ყოველდღიურობაში გამოსადეგ რჩევას გთავაზობთ, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესი მეგობარი გახდეთ.
თუ მეგობართან ხშირად წუწუნებ, არც კარგი ამბების გაზიარება დაგავიწყდეს
მეგობრები იმისთვის არსებობენ, რომ ჩვენი გასაჭირი გაიზიარონ, თუმცა სულ ცუდზე ყურადღების გამახვილებით, შეიძლება მათ ემოციურ განწყობაზეც უარყოფითად ვიმოქმედოთ. თანაც მეგობრებს ჩვენი კარგი ამბების გაგება ახარებთ, ამიტომ თუნდაც უმნიშვნელო სიხარულიც ხშირად უნდა გაიზიაროთ ერთად.
საკუთარ თავს მეგობარს ნუ შეადარებ
"მე რომ ეს გავუკეთე, მან თუ გადამიხადა იმავეთი სამაგიერო?" — ეს და სხვა მსგავსი შინაარსის კითხვა ყველას შეიძლება გაგვიჩნდეს, მაგრამ ის უმეტესად არაფრისმომცემია: ყველა ადამიანს სხვადასხვა ძლიერი მხარე აქვს და მაგალითად, თუ შენ ფინანსურად უფრო მეტს გასცემ, ცხადია, სხვამ ზუსტად იმავე ფორმით შეიძლება ვერ დაგიბრუნოს პასუხი, მაგრამ სანაცვლოდ სხვა გზებით დაგიმტკიცოს სიყვარული და ერთგულება.
როცა მეგობარი თავის პრობლემაზე გიყვება, მაშინვე შენი გამოცდილების გახსენებით ნუ გადაფარავ მის სათქმელს
"აი, ზუსტად იგივე დამემართა მეც..." — ასეთ დროს, ალბათ, უმეტესად ვცდილობთ, მეგობარს ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არაა და ჩვენც გამოგვივლია მსგავსი რამ, თუმცა ეს მათ სათქმელის დასრულების, ემოციებისგან დაცლის საშუალებას არ აძლევს და ისე ჩანს, თითქოს ყურადღების გადატანა საკუთარ თავზე გინდა. რა თქმა უნდა, საკუთარი გამოცდილების შედარება ყოველთვის შეგიძლია, თუმცა დარწმუნდი, რომ დრო სწორად შეარჩიე და მეგობარმა სათქმელი დაასრულა.
ანალოგიურად, როცა რაღაცაზე წუხს მეგობარი, აუცილებლად მოგვარებაზე ნუ იფიქრებ: მთავარია, მოუსმინო
ხანდახან გვგონია, რომ როცა პრობლემაზე გვესაუბრებიან, ჩვენგან მაშინვე მისი მოგვარების მრავალპუნქტიან გეგმას ითხოვენ. სინამდვილეში კი, ეს სულაც არაა აუცილებელი: მთავარია, მეგობარს ემოციების გაზიარების საშუალება მისცეთ და შესაძლოა, პროცესში გამოსავალს თვითონვე მიაკვლიოს.
როცა შენითაც ხვდები, რომ მეგობარი რაღაცაზე ნაწყენი ან გაბრაზებულია, ჰკითხე, ამაზე საუბარი ხომ არ უნდა
როგორც ამბობენ, როცა მეგობარს შემწვარსა და მოხარშულს იცნობ, იმასაც უსიტყვოდ ხვდები, როდის რა განწყობაზეა. შესაბამისად, თუ გულის გადაშლისგან თავს იკავებს, შენ გადადგი პირველი ნაბიჯი: შესაძლოა, მას მართლაც არ სურდეს საუბარი, მაგრამ გვერდში დგომისთვის მზაობას მაინც გამოხატავ.
ყოველთვის შეაფასე და დააფასე მეგობრის განვითარება
როცა მეგობრის ცხოვრებაში დადებითი ცვლილებებია, არასდროს დააყოვნო ამის შემჩნევა, აღნიშვნა და შექება. შესაძლოა, ეს სიახლეები შენს გემოვნებაში არ ჯდებოდეს, მაგრამ მთავარია, შენი მეგობრისთვის იყოს სიკეთის მომტანი, ამიტომ მუდმივად სარკასტული ხუმრობებით ყველაფერს ნუ გააფუჭებ.
როცა მეგობარი გულწრფელად გეკითხება, თუ როგორ ხარ, არ დაგავიწყდეს, რომ მასაც ჰკითხო იგივე
მარტივია, საკუთარი პრობლემების მორევში ისე გადაეშვა, რომ სხვისი არსებობა სულ დაგავიწყდეს. ამიტომ თუნდაც გეჩვენებოდეს, რომ სხვას არაფერი აქვს სათქმელი, ყოველთვის ეცადე, სხვისი მდგომარეობის მიმართაც გამოიჩინო ინტერესი და გახსოვდეს, რომ ცხოვრებაში რაღაც მხოლოდ შენ არ გაწუხებს.
დარწმუნდი, რომ მეგობარს გულით უსმენ
თუ ერთი სული გაქვს, როდის მორჩება საუბარს, რომ შენ ამოხეთქო სიტყვების ვულკანი, მაშინ მეგობრობაში უკვე რაღაც პრობლემაა. თან თუ ყურადღებით არ იქნები, შესაძლოა, ძვირფასი ადამიანის ცხოვრებიდან ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩეს და მოგვიანებით ინანო.
არ მოგერიდოს, რომ დახმარება იქამდე შესთავაზო, სანამ ამას გთხოვენ
ყველას არ შეუძლია, დახმარება ხმამაღლა ითხოვოს, მაგრამ საუკეთესო მეგობრები ყოველთვის ამჩნევენ, თუ როდის სჭირდება სხვას ხელის გამართვა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, ღიად გთხოვს თუ არა ვინმე დახმარებას, შეგიძლია, დახმარების ინიციატივა პირველმა გამოიჩინო.
იუმორი ყველაფრის უებარი წამალია
ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი კარგი იუმორის საშუალებით შეგიძლია, არა მხოლოდ მეგობარს შეუმსუბუქო ტვირთი, არამედ თქვენს შორის დაძაბულობაც კი განმუხტო. ხოლო თუ ორივეს გიჭრით ენა, მაშინ სათანადოდ გამოიყენეთ ეს უნარი და ერთმანეთს სიცილისგან მოგვრილი მუცლის ტკივილი არ მოაკლოთ.