შაბათს საღამოს 50 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ახალ ზელანდიაში, იდენის პარკის სტადიონზე, ცოცხალი მუსიკის მოსასმენად. პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ყველაზე ხალხმრავალი კონცერტია, რაც კი მსოფლიოში ჩატარებულა.
ეს პირველი კონცერტი იყო, რომლის ჩატარების ნებართვაც გასცეს ახალ ზელანდიაში. ბილეთები რამდენიმე კვირაში სრულიად გაიყიდა.
"შემდეგში, როცა გეტყვიან, რომ შეუძლებელია, აჩვენეთ მათ ეს ფოტო", — წერს Six60, ბენდი ახალი ზელანდიიდან, თავის ინსტაგრამის ანგარიშზე, რომელსაც თან ერთვის კონცერტის ფოტო.
New York Times-ის მონაცემთა ბაზის თანახმად, ახალმა ზელანდიამ თავიდან აიცილა კორონავირუსი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მათ მხოლოდ 2 600 დადასტურებული შემთხვევა აქვთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 26 ადამიანს უდრის. პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო აღარაა. მოსახლეობას მხოლოდ ხელის სადეზინფექციო ხსნარის ხშირ გამოყენებას ურჩევენ.
5 000 კაციანი კონცერტი გაიმართა აგრეთვე ესპანეთში, სადაც Covid-19-ის ბევრად მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, თუკი ესპანეთში ცდილობდნენ Covid რეგულაციების დაცვით ჩაეტარებინათ ღონისძიება, ახალ ზელანდიაში არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა.
New York Times-ის მონაცემთა ბაზის თანახმად, ახალი ზელანდიის მოსახლეობის მხოლოდ 3% აიცრა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, კონცერტზე დამსწრეებისთვის კი სავალდებულო არ იყო კოვიდზე უარყოფითი ტესტი პასუხების წარდგენა.
მსგავსი კონცერტების ორგანიზება ხდება სხვა იმ ქვეყნებშიც, რომლებმაც შეძლეს კორონავირუსის გავრცელების აღკვეთა. ტაივანში, მომღერალმა და კომპოზიტორმა ერიკ ჩოუმ 10 000-კაციანი კონცერტი ჩაატარა.
ერთადერთი ცვლილება ახალი ზელანდიის კონცერტებში, საერთაშორისო შემსრულებლების ნაკლებობაა. ქვეყნის საზღვრები ჯერ კიდევ ჩაკეტილია, შესაბამისად, უცხოელ შემსრულებლებს სპეციალური საბუთის აღება დასჭირდათ, რომ კუნძულზე ჩასვლის უფლება მოეპოვებინათ, შემდეგ კი 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწიათ.
უცხოელი შემსრულებლების ნაცვლად, ახალ ზელანდიაში ადგილობრივ მუსიკოსებსაც უჭერენ მხარს. მომღერალი და კომპოზიტორი მარლონ უილიამსის ეროვნული ტურნეს ბილეთები ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქებში სრულად გაიყიდა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის გადაადგილება, კარანტინის გავლის გარეშე 1 კვირაა რაც ნებადართულია. ამან საშუალება მისცა მომღერალ-კომპოზიტორს კორტნი ბარნეტს ახალი, 10-დღიანი ტურნე დაეგეგმა ივლისში, რასაც მაყურებლები მოუთმენლად ელიან.