81 წლის იტალიელი კაცი, მაურო მორანდი, რომელსაც მეტსახელად იტალიელ რობინზონ კრუზოს უწოდებდნენ, დატოვებს კუნძულ ბუდელს, სადაც 1989 წლიდან მარტო ცხოვრობდა, - ამის შესახებ BBC წერს.
მისი განცხადებით, საცხოვრებლის დატოვება იძულებით, კუნძულის მეპატრონის მოთხოვნის გამო უწევს.
„იმედი მაქვს, რომ ბუდელს ისევე უპატრონებენ, როგორც მე ვპატრონობდი 32 წლის განმავლობაში“, - ამბობს მორანდი.
ფიზიკური აღზრდის ყოფილმა მასწავლებელმა 2018 წელს, BBC-სთან საუბრისას თქვა, რომ ყოველთვის მეამბოხე იყო.
„უამრავი რამ ძალიან მომბეზრდა ჩვენს საზოგადოებაში: მომხმარებლური დამოკიდებულება და იტალიაში არსებული პოლიტიკური ვითარება. გადავწყვიტე კუნძულზე გადასვლა, ყველანაირი ცივილიზაციისგან მოშორებით. მინდოდა ახალი ცხოვრების დაწყება - ბუნებასთან ახლოს“, - თქვა მაურო მორანდიმ.
მოქალაქეებმა, კაცის მხარდასაჭერად, პეტიცია შეადგინეს. უკვე 70 ათასზე მეტი ხელმომწერი სთხოვს მთავრობას, კაცს კუნძულზე დარჩენის უფლება მისცეს.
როგორც მაურო მორანდი ამბობს, საცხოვრებლად მეზობელ კუნძულზე, კორპუსის პატარა ბინაში გადადის.
„ჩემი ცხოვრება ძალიან არ შეიცვლება. იქიდანაც ჩანს ზღვა“, - ამბობს კაცი.