კიმ კარდაშიანმა ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

კიმ კარდაშიანმა ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

პოპულარული ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა, აშშ-ის პრეზიდენტს სომხების გენოციდის აღიარებისთვის მადლობა ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით გადაუხადა.

"სიმართლისა და დამოწმებისთვის საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, სომეხმა ხალხმა დღეს ის აღიარება მიიღო, რომლის იმედიც ჩვენ ყველას გვქონდა და რომლისთვისაც ვლოცულობდით. ჩემი მემკვიდრეობით და სომეხთა საზოგადოებით ძალიან ვამაყობ. მადლიერი ვარ პრეზიდენტი ბაიდენისა, რომ ამ დღეს ყოველი სომეხი და სიმართლე დააფასა. მე კი ყოველწლიურად გავიხსენებ იმ ადამიანებს, რომლებიც დავკარგეთ, თუმცა, ამიერიდან, იმ იმედით, რომ გენოციდის აღიარების შემდეგ, წარსულის სისასტიკის განმეორებას აღარ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ მადლობა პრეზიდენტს გამოჩენილი სიმამაცისა და იმ სიმართლის თქმისთვის, რომელსაც სხვებმა გვერდი აუარეს".

ბაიდენს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული "სთორით" მადლობა გადაუხადა კიმის დამ, ქლოი კარდაშიანმაც. აღსანიშნავია, რომ კიმის და ქლოის მამა, რობერტ კარდაშიანი, წარმოშობით სომეხი იყო.

კიმმა 2015 წელს, Time-ში გამოქვეყნებული ესეთი უშედეგოდ მოუწოდა მაშინდელ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, რომ სომეხთა გენოციდი ეღიარებინა.

24 აპრილს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში პრეზიდენტმა ბაიდენმა სომეხთა გენოციდი აღიარა.

"ამ დღეს ჩვენ ყოველწლიურად ვიხსენებთ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვინც ოსმალეთის ეპოქაში მომხდარ სომეხთა გენოციდს ემსხვერპლა", — წერია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ბაიდენმა დასძინა, რომ "სომეხი ხალხის ტკივილს ხედავენ, პატივს სცემენ და ადასტურებენ ისტორიას, არა იმისთვის, რომ ვინმე დაადანაშაულონ, არამედ იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს".

მიუხედავად ამისა, ბაიდენს ბრალი პოპულიზმსა და ისტორიის გაყალბებაში დასდეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა.

სომეხთა გენოციდი იმ მოვლენას მიემართება, რომელიც რეგიონში 1915 წელს დაიწყო. ამ პერიოდში ოტომანების იმპერიის ქმედებებმა, ზოგიერთი შეფასებით, 800 ათასიდან 1,5 მილიონამდე ეთნიკურად სომეხის სიცოცხლე შეიწირა.

ტრაგედია გენოციდად ამ დრომდე მხოლოდ 30-მა ქვეყანამ აღიარა. საქართველოში მცხოვრები სომხები ყოველწლიურად მართავენ აქციებს და ხელისუფლებისგან გენოციდის აღიარებას მოითხოვენ.