5 ხელოვანი, რომელმაც ოსკარი სიკვდილის შემდეგ მიიღო

5 ხელოვანი, რომელმაც ოსკარი სიკვდილის შემდეგ მიიღო

ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კინოსამყაროში — ამერიკული კინოაკადემიის პრიზი, იგივე ოსკარი — 1939 წლიდან გაიცემა. მას შემდეგ იგი არაერთმა ისეთმა მსახიობმა, რეჟისორმა, სცენარისტმა და მუსიკოსმა მიიღო, რომელთა ნამუშევრებმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურეს, თუმცა, თავად ვერ მოესწრნენ ამ აღიარებას.

წარმოგიდგენთ იმ ხელოვანებს, რომელთაც ჯილდო სიკვდილის შემდეგ მიიღეს.

სიდნი ჰოუარდი, ფილმისთვის ქარწაღებულნი

სცენარისტი სიდნი ჰოუარდი 1940 წელს პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც პრიზი გარდაცვალების შემდეგ მიიღო ეპიკური ისტორიული ფილმისთვის ქარწაღებულნი. რეალურად, სცენარი, რომელიც მარგარეტ მიჩელის ამავე სახელწოდების მქონე ბესტსელერის ადაპტაცია იყო, პროდიუსერ დევიდ ო. სელზნიქთან ერთად შეიქმნა, თუმცა, პრიზი მხოლოდ ჰოუარდზე გაიცა.

ფერმაში მომუშავე სცენარისტი 48 წლის ასაკში იმსხვერპლა საკუთარმა ტრაქტორმა. იგი ფილმის პრემიას არ მოსწრებია.

უილიამ . ჰორნინგი, ფილმებისთვის Gigi და ბენ-ჰური

ჰორნინგი წარმატებული არტდირექტორი იყო და ოსკარზე თავისი ერთ-ერთი პირველი ნომინაცია ოზის ჯადოქრისთვის მიიღო სედრიკ გიბონსთან ერთად. თუმცა, კინოაკადემიის პირველი ჯილდო სიკვდილის შემდეგ ერგო ფილმისთვის Gigi, რომელმაც, სხვათა შორის, ცხრავე კატეგორიაში გაიმარჯვა და ეს რეკორდი 2004 წლამდე შეინარჩუნა, სანამ ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება 11 ნომინაციაში გაიმარჯვებდა.

Gigi-სთვის მიღებული ოსკარის შემდეგ ჰორნინგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ნომინაციაში ეპიკური ბიბლიური ფილმისთვის ბენ-ჰური (1959). 1960 წელს იგი ორ ნომინაციაში წარადგინეს — მათ შორის ერთ-ერთი ჰიჩკოკის ჩრდილოეთიდან ჩრდილოდასავლეთისკენ იყო.

უოლტ დისნეი, ანიმაციური ფილმისთვის ვინი პუჰი და ქარიანი დღე

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილის კინოსტუდიის დამფუძნებელი რეკორდული რაოდენობის — 59 — ნომინაციაში იყო წარდგენილი ოსკარზე, რომელთაგან 26-ში გაიმარჯვა, მათგან ერთ-ერთი კი სიკვდილის შემდეგ მიიღო.

დისნეი 1966 წელს გარდაიცვალა და მისი უკანასკნელი ნამუშევრისთვის — ვინი პუჰი და ქარიანი დღე — კინოაკადემიის ბოლო აღიარებაც დაიმსახურა.

ჰოუარდ ეშმენი, ანიმაციური ფილმისთვის ურჩხული და მზეთუნახავი

ეშმენმა დისნეის სიკვდილის შემდეგ მისი კინოკომპანიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. სტუდიის ოქროს ხანად წოდებული 1990-იანი წლების ნამუშევრებიც მის სახელს უკავშირდება.

კომპოზიტორ ალან მენკენთან თანამშრომლობით ეშმენმა დაუვიწყარი სიმღერები შექმნა ანიმაციური ფილმებისთვის პატარა ქალთევზა და ურჩხული და მზეთუნახავი. ამ უკანასკნელზე მუშაობის დასრულებიდან მალევე იგი შიდსით გარდაიცვალა. ამიტომ, ფილმი მას მიეძღვნა, ალან მენკენმა კი ეშმენის პარტნიორთან ერთად მიიღო ოსკარი.

მანამდე სცენარისტი და სიმღერების ავტორი იმავე ნომინაციაში უკვე იყო გამარჯვებული სიმღერისთვის Under the Sea, რომელიც დისნეის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპოზიციად იქცა. გარდაცვალების შემდეგ იგი კიდევ ერთხელ წარადგინეს ამ ნომინაციაში ალადინისთვის შექმნილი სიმღერის გამო.

ჰით ლეჯერი, ფილმისთვის ბნელი რაინდი

2009 წელს ჰით ლეჯერი მხოლოდ მეორე მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი სიკვდილის შემდეგ მიიღო (ერთგვარი დამთხვევაა, რომ მეორე ლაურეატი, პიტერ ფინჩიც ავსტრალიელი იყო). იგი ასევე პირველი მსახიობი იყო, რომელმაც კინოაკადემიის ჯილდო კომიქსზე გადაღებული ფილმისთვის დაიმსახურა.

მსახიობის მიერ განსახიერებული ბოროტმოქმედის როლი საკულტო სახედ იქცა ფილმის გამოსვლისთანავე და მაყურებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ცერემონიაზე კი ჯილდო ლეჯერის ოჯახმა მიიღო.