სტივენ სპილბერგმა საკულტო მიუზიკლი გააცოცხლა

სტივენ სპილბერგმა საკულტო მიუზიკლი გააცოცხლა

2021 წელს დაგეგმილ კინოპრემიერებს შორის ერთ-ერთი გახმაურებული პროექტი, რომელსაც მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდება, სტივენ სპილბერგის ახალი ფილმია — West Side Story (უესტსაიდური ამბავი).

ინდიანა ჯონსის ფილმების, ყბების, შინდლერის სიისა თუ E.T-ის რეჟისორი ამჯერად ერთგულ მაყურებელს მასშტაბურ მიუზიკლს შესთავაზებს: სტივენ სპილბერგმა 1957 წლის ბროდვეის ცნობილი მიუზიკლი ეკრანებზე ხელახლა გააცოცხლა.

კინომოყვარულებისთვის კარგად ცნობილია, რომ ეს ამ სახელგანთქმული მიუზიკლის პირველი ეკრანიზაცია არ არის: 1961 წელს რეჟისორებმა ჯერომი რობინსმა და რობერტ უაიზმა გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი, რომელმაც ოსკარის ათი ჯილდო მოიპოვა.

უესტსაიდური ამბავი ერთდროულად სასიყვარულო და კრიმინალური ისტორიაა, რომელიც მთლიანად ახალგაზრდების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მასში მთავარ როლებს The Fault in Our Stars-ისა და Baby Driver-ის ვარსკვლავი, ენსელ ელგორტი და დამწყები მსახიობი რეიჩელ ზეგლერი ასრულებენ.

ფილმის პრემიერა 10 დეკემბერსაა დაგეგმილი და თუ პანდემიის გამო ეს თარიღი არ შეიცვალა, წლის ბოლოს გავიგებთ, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება სტივენ სპილბერგის მცდელობა, რომ საკულტო მიუზიკლს ახალი სიცოცხლე შთაბეროს.