რა ერქმევა მეგანისა და ჰარის მეორე შვილს — ინტერნეტში ვარიანტებს განიხილავენ

რა ერქმევა მეგანისა და ჰარის მეორე შვილს — ინტერნეტში ვარიანტებს განიხილავენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილის დაბადებას ელოდებიან. როგორც ყოველთვის, ახალი უინძორის მოლოდინს მის სახელთან დაკავშირებული განხილვა და ბევრი ფსონი ახლავს თან.

US Weekly-ის წყაროს ცნობით, წყვილს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია საბოლოოდ, თუ რას დაარქმევს მომავალ შვილს, თუმცა, ისინი მიიჩნევენ, რომ სახელს განსაკუთრებული დატვირთვა უნდა ჰქონდეს და აქამდე არავის უნდა ერქვას.

ამ ორი პირობის გათვალისწინებით, მალევე გაჩნდა სავარაუდო ვერსიები.

ერთი მოსაზრებით, მათ შესაძლოა, დაიანა, ბებიის სახელი დაარქვან შვილს, თუმცა, Page Six-ის ცნობით, ეს ნაკლებსავარაუდოა, რადგან ბავშვის მიმართ საზოგადოებრივ ინტერესს გაზრდის.

"საეჭვოა, მათ შვილს დაიანა დაარქვან", — აცხადებს წყარო, — "ისინი ფიქრობენ, რომ ამ სახელის დარქმევა ბავშვს მედიის სამიზნედ აქცევს და მის ცხოვრებაში უსიამოვნოდ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გაჩნდება. ჰარი და მეგანი პირად სივრცეს აფასებენ და ბავშვს მედიის ყურადღებას მოარიდებენ".

გარდა ამისა, მეგანისა და ჰარის აზრით, თუკი ბავშვს დაიანა ერქმევა, ეს მისთვის ერთგვარი წნეხი იქნება, სკოლაშიც და მას შემდეგ. "ისინი მეორე სახელად დაიანას დარქმევაზე იფიქრებდნენ, თუმცა პრინცესა შარლოტის შემთხვევაში უკვე მოიქცნენ ასე". ამიტომ, უხერხული შედარების თავიდან ასაცილებლად არც მეორე სახელად განიხილება დაიანა.

ჰარის მამამ, პრინცმა ჩარლზმა, ჯერ კიდევ 2018 წელს აღნიშნა, რომ ხალხმა წყვილს უამრავი შესაძლო სახელი შესთავაზა. მაშინ ჩარლზმა რამდენიმე ვარიანტიც დასძინა.

"ჩვენში დარჩეს და, მგონი, კაილი და შეინი 'შორთლისტში' მოხვდებიან. ქალბატონებო და ბატონებო, ედნას ან ლესს არც ელოდოთ".

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის მეორე შვილი ზაფხულში დაიბადება და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, რომელმა ბუქმეიკერებმა მოიგეს ფსონი.

წყვილს უკვე ჰყავს შვილი არჩი (სახელი შოტლანდიაში "გამბედავს" ნიშნავს), რომელიც 2019 წელს დაიბადა.