საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სემეკის თავმჯდომარემ მიმოიხილა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო და ნორმატიული აქტები, ისაუბრა ბაზრის მოდელის კონცეფციის, საბითუმო და საცალო ბაზრების წესების, ბაზრის მონიტორინგის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით სემეკის აქტივობების შესახებ. ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ბაზარზე ლიბერალიზაციისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი, ირინა მილორავა და სემეკის წარმომადგენლები.
„მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს ბიზნესს. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და მუდმივად ვაწოდებთ მათ დეტალურ მონაცემებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით. დღეს, შეხვედრის მონაწილეებს გავაცანი როგორც უკვე შესრულებული, ასევე უახლოეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობების თანმიმდევრობა. მოგეხსენებათ, დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება, აქედან გამომდინარე, ბიზნესის ინტერესი ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დიდია, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ასევე, შეხვედრის მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამომავლო სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წარმომადგენელმა, ზვიად გაჩეჩილაძემ. მან ყურადღება გაამახვილა „ანბანდლინგის“ (განცალკევება) პროცესზე, გადამცემი და განაწილების სისტემების საქმიანობების განცალკევების აუცილებლობაზე.