ინტელექტუალური საკითხების დარგში სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართული სასწავლო აქტივობების დანერგვის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი პროგრამების განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული აკადემიური ხარისხის მინიჭებასთან და მიმართულია კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობის, ინტელექტუალური საკუთრების დარგის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებისკენ, ასევე, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ. დარგის განვითარებისთვის პირორიტეტულია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი სტუდენტების დაინტერესება, მოზიდვა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის (WIPO Academy) ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის DL101GE, ერთობლივ განხორციელებაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიულ წრეებში და მომავალ სამართალმცოდნეებს შორის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დარგის პოპულარიზება. ქართულ ბაზარზე არ არსებობს DL101GE დისტანციური სწავლების ანალოგიური კურსი, რომელიც განკუთვნილია დარგით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, არის მარტივი, მოსახერხებელი, უფასო და გაეროს სპეციალიზებული უწყების მიერ სერტიფიცირებული. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის ელექტრონული სერტიფიკატები, რომლის საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებათ WIPO-ს აკადემიაში შეისწავლონ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ცალკეული დარგების შესახებ სხვა კურსები. DL101GE კურსის გავლის შედეგად სტუდენტებისთვის შესაბამისი კრედიტების მინიჭება, გაზრდის დარგში ცნობიერებას, კურსის ცნობადობას და სამომავლოდ დარგის პროფესიონალთა რიცხვს.
თსუ და საქპატენტი ერთობლივი ძალისხმევით დაგეგმავენ და განახორციელებენ სასწავლო პროექტებს, სამუშაო შეხვედრებს, თემატურ სემინარებს, კონფერენციებს, დისკუსიებს და ტრენინგებს.