ბეჭდების მბრძანებლის სერიალის პირველი სეზონის გადასაღებად $465 მლნ იხარჯება

ბეჭდების მბრძანებლის სერიალის პირველი სეზონის გადასაღებად $465 მლნ იხარჯება

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სატელევიზიო შოუს — Game of Thrones (სამეფო კარის თამაშები) ფინალური სეზონის გადაღება $90 მილიონი დაჯდა, რაც არაფრად მოგეჩვენებათ იმ თანხასთან შედარებით, რასაც კომპანია Amazon ბეჭდების მბრძანებლის სერიალის პირველი სეზონის შესაქმნელად ხარჯავს.

სერიალის გადაღებები ამჟამად ახალ ზელანდიაში მიმდინარეობს და სწორედ ადგილობრივ რადიოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ პირველ სეზონზე დაახლოებით 464,2 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯება. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ამერიკულმა გამოცემებმაც დაადასტურეს.

ახალი ზელანდიის ტურიზმისა და ეკონომიკის მინისტრმა, სტუარტ ნაშმა ისიც განაცხადა, რომ ხარჯები, შესაძლოა, $650 მილიონამდეც გაიზარდოს.

"ეს ყველაზე მასშტაბური სერიალი იქნება, რაც კი ოდესმე გადაღებულა", — აღნიშნა პოლიტიკოსმა, რომელსაც თავის ქვეყანაში უცხოური პროექტების განხორციელება ახარებს.

ფენტეზის ჟანრის მოყვარულები უკვე რამდენიმე წელია გაფაციცებული ელიან ამ მასშტაბური სატელევიზიო პროექტის შესახებ ყველა სიახლეს: ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია როგორც ჟანრულ ლიტერატურაში, ისე – კინოში, საკულტო ნაწარმოებია, რომელთან დაკავშირებული ნებისმიერი ახალი ინტერპრეტაცია მეტისმეტად საფრთხილოა.

მომავალ შოუზე ჯერ ბევრი რამ ისევ უცნობია: მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი სიუჟეტი ჯ.რ.რ. ტოლკინის წიგნებსა თუ პიტერ ჯექსონის ამავე სახელწოდების ფილმებში ნაჩვენებ ისტორიამდე ათასწლეულებით ადრე ვითარდება და ამ სამყაროს ყველაზე ძლევამოსილ ანტიგმირს გავიცნობთ.

ასევე ცნობილია სამსახიობო გუნდის ძირითადი შემადგენლობა: რობერტ არამაიო, ჯოზეფ მოული, მორფიდ კლარკი და სხვები.

თუ გავითვალისწინებთ იმ თანხებს, რაც ამ სერიალის შესაქმნელად იხარჯება, წესით, ყველაფერს საკმარისად სერიოზულად უნდა ეკიდებოდნენ და იმედსაც, ალბათ, არ გაგვიცრუებენ.