შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი არის დადასტურება იმისა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ქვეყანაა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც შემაშფოთებელი იყო.
„მათი ძალიან დიდი წვლილია ამ პროცესსა და ოპოზიციის დარწმუნებაში, რომ პოლიტიკის კეთების ადგილი არის პარლამენტში. შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დადასტურებაა. გუშინ შეხვედრაზე ჩვენ შარლ მიშელმა გვითხრა, რომ ეს არის საქართველოსთვის ახალი გზის გახსნა, ევროპული გზის და ევროპული პერსპექტივის გახსნა.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი მიხვდება, რომ თუ აზრთა სხვადასხვაობაა, კამათი და ჭიდილი უნდა იყოს, მაშინ ეს უნდა მოხდეს პარლამენტში. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო მიზნისთვის. ეს მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპაში ინტეგრაცია. იდეოლოგიური განსხვავებები უნდა გადავწყვიტოთ პარლამენტში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დღეს საქართველოში შარლ მიშელი ჩამოვა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.