ქართული ტურიზმის დამკვიდრების სირთულე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე

ქართული ტურიზმის დამკვიდრების სირთულე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე

ტურიზმის ბაზარზე კომერციული საქმიანობის წარმატება, პირველ რიგში, განისაზღვრება მიმზიდველი ტურისტული პროდუქტით.

საქართველოს ტურისტული ბაზარი 14 სამოგზაურო სეგმენტადაა დაყოფილი. 2009 წელს უცხოურ ტურისტულ ვებ-გვერდებზე საქართველო სამოგზაუროდ საფრთხისშემცველ ქვეყანათა სიაში მოხვდა. თუმცა 2012 წლის ტენდენცია გვიჩვენებს, რომ მდგომარეობა შეიცვალა.

როგორც მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა გავლენა იქონია ტურისტულ ბიზნესზე და შესაბამისად იკლო ტურისტების ნაკადმაც. თუმცა, 2012 წლისათვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. საქართველოს 2012 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში 677 278 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო 2011 წელს იყო - 485 835. ევროპიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 2012 წელს სულ შემოსულია 648 478 ვიზიტორი, ხოლო 2011 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 468 278-ს შეადგენდა.

ჩვენ მიზნად დავისახეთ გამოგვეკვლია მოთხოვნა ქართულ ტურისტულ პროდუქტზე და შესაბამისად, გაგვერკვია მისი დამკვიდრების სირთულე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო გამოგვეკითხა საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოები და დაგვედგინა თუ რა გზით მკვიდრდება მათი ტურისტული პროდუქტი საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, აწყდებიან თუ არა ისინი რაიმე წინააღმდეგობას ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისას და  ძირითადად, საქართველოს რომელი რეგიონებით ინტერესდებიან ტურისტები.

გამოკითხულ იქნა 20 ტურისტული სააგენტო. კითხვები იყო ღია ტიპის. პირველ კითხვაზე - საქართველოს რომელი რეგიონებით ინტერესდებიან ტურისტები, გამოკითხულთა 80% თვლის, რომ ტურისტები ინტერესდებიან შემდეგი რეგიონებით: ხევსურეთი, სვანეთი, კახეთი, ქართლი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და იმერეთი. ხოლო 20% თვლის, რომ ბოლო პერიოდში, თითქმის, ყველა რეგიონი იწვევს ინტერესს.

რაც შეეხება მეორე კითხვას - ძირითადად რომელი ქვეყნის რეზიდენტები სტუმრობენ საქართველოს თქვენი ფირმის საშუალებით, გამოკითხულთა 70%-მა აჩვენა, რომ ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ლიტვა და ესტონეთი. 30% თვლის, რომ ეს ქვეყნებია: ჰოლანდია და შვეიცარია.

კითხვას, - როგორ მკვიდრდება თქვენი ტური საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, ტურისტული სააგენტოების თითქმის 80% აღნიშნავს, რომ ეს ხდება საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობით, ხოლო გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ ეს ხდება ინტერნეტითა და ზეპირი პროპაგანდით.

მეოთხე კითხვაზე, -  აწყდებით თუ არა რაიმე წინააღმდეგობებს ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისას, გამოკითხულთა 70%-ს აზრით, ისინი წინააღმდეგობას აწყდებიან და ამის მიზეზად კონკურენციას ასახელებენ. ხოლო 30 % თვლის, რომ ისინი არ აწყდებიან არანაირ კონკურენციას.

აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ყურადღება ტურიზმის სფეროზე აქტიურად უნდა გამახვილდეს, უფრო მეტი ადამიანი უნდა დაინტერესდეს და ჩაებას, რათა სხვა წამყვან ტურისტულ ქვეყნებს არ ჩამოუვარდებოდეს საქართველო.

საქართველოს შავიზღვისპირეთი სეზონურობით ხასიათდება, რაც ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისათვის. შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მიუღებელია მაღალი ფასები და ასევე აჭარის პერიფერიულ ზონებში არსებული სასტუმროების მომსახურების დაბალი ხარისხი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შიდა გზები, რომლებიც დღეისათვის საერთოდ არ არის ადაპტირებული ტურიზმის მოთხოვნებისადმი.

აჭარის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, მის ტურისტულ პროდუქტს არ გააჩნია ფასის განმსაზღვრელი მახასიათებლებით მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვა მსგავს პროდუქტებთან შედარებით, შავი ზღვის სანაპიროზე. ზაფხულის რეკრეაციული ტურების ფასი სერვისის თანაფარდობით ჩამოუვარდება თურქეთის, ეგვიპტის და ბულგარეთის ანალოგიური ტიპის პროდუქტებს. ზღვისპირა კურორტების პლიაჟები დაბინძურებულია და არ ხდება სანიტარული ნორმების დაცვა. მოსაწესრიგებელია სანაპიროზე გასახდელების, ტუალეტების, საშხაპეების, პლიაჟის ინვენტარის გამქირავებელი პუნქტების არსებობა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ტურისტული პროდუქტის პრომოუშენისათვის და მისი საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისათვის ეს ყოველივე გასათვალისწინებელია.

რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, ტურიზმის ეროვნული სააგენტო რეგულარულად იკვლევს გუდაურსა და ბაკურიანს. 2011 წლის მონაცემების თანახმად, გუდაურში დამსვენებლთა 67% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. შესაბამისად უცხოელები 33%-ს შეადგენდნენ. ბაკურიანი პოპულარობით ადგილობრივ უფრო სარგებლობს, სადაც ისინი 98%-ს შეადგენდნენ, ხოლო უცხოელები მხოლოდ 2%-ს. საშუალო დანახრჯმა ბაკურიანში ერთ ტურისტზე 169.50 ლარი შეადგინა.

ჩვენი აზრით, საქართველოს მთა უაღრესად დიდი ტურისტული პოტენციალის მატარებელია, თუმცა ეს პოტენციალი არ არის რეალიზებული ტურიზმის ინდუსტრიის მიერ და შესაბამისად დღევადნელი ტურისტული პროდუქტი არ არის პოტენციალის ადეკვატური, რადგან შეთავაზებებში არ არის სრულად გამოყენებული მთის უნიკალური შესაძლებლობები. მინიმალურია სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები მთის მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად და საბაზო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

ასევე არასახარბიელოა ქვეყნის ეკოლოგიური ვითარება. არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო ხედვა ეკოლოგოიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მთაში ტურიზმის განვითარების შესახებ.

ტურისტული პროდუქტის წინწაწევისათვის და რეალიზაციისათვის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს რეგიონებს  უნდა ჰქონდეს სიმბოლიკა ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, რაც მათ არ გააჩნიათ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ამ საკითხზე აქტიურად უნდა იმუშაოს. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მსოფლიოში უამრავი ქვეყანა არსებობს, რომლებსაც საკუთარი სიმბოლიკა აქვთ.

მაგალითად: საფრანგეთი - ეიფელის კოშკი. სამწუხაროდ, აჭარის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, მივხვდებით, რომ მას არ გააჩნია არანაირი სიმბოლიკა, რაც ტურისტებისათვის და ტურისტული პროდუქტის გაყიდვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.