ჰარი პოტერის შემქმნელმა ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი დააანონსა — საშობაო ღრუტუნა (The Christmas Pig) 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოიცემა. ამის შესახებ ბრიტანელმა მწერალმა საკუთარი ვებსაიტიდან აცნობა მკითხველებს.
წიგნი ინგლისურენოვან ქვეყნებთან ერთად და ერთდროულად გამოიცემა 20 სხვადასხვა ენაზე.
საშობაო ღრუტუნა დამოუკიდებელი წიგნია და როულინგის სხვა ნაწარმოებებთან კავშირი არ აქვს. რომანი 8 წლიდან ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
როგორც ანონსის ტექსტში ვკითხულობთ, წიგნი "ერთი ბავშვისა და მისი საყვარელი სათამაშოს გულშიჩამწვდომი და ჩამთრევი თავგადასავალია".
ჯეკს საკუთარი ბავშვობის თოჯინა, ბატონი ღრუტუნა, ძალიან უყვარს. ბატონი ღრუტუნა ყოველთვის მასთან ერთად იყო, ჭირსა და ლხინში, სანამ ერთხელ, შობისწინა დღეს, საშინელება მოხდებოდა — თოჯინა გაუჩინარდა. თუმცა, შობისწინა ღამე ხომ სასწაულების და გაცრუებული იმედების გამართლების დროა — დრო, როცა ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს — თოჯინაც კი გაცოცხლდეს. აი, ჯეკის ახალ თოჯინას — საშობაო ღრუტუნას (რომელიც ბატონი ღრუტუნას აბეზარი შემცვლელია) ამბიციური გეგმა აქვს; ისინი ერთად გაემგზავრებიან ჯადოსნურ მოგზაურობაში, რათა ჯეკის დაკარგული საუკეთესო მეგობარი იპოვონ.
წიგნის გამომცემლის, რუთ ოლთაიმზის თქმით, ნაწარმოები "მოციმციმე ძვირფასი ქვაა, რომელიც ბავშვებისა და მათი მშობლების გულში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს წლევანდელ შობაზე და შემდგომშიც".
საშობაო ღრუტუნა როულინგის პირველი საბავშვო რომანია ჰარი პოტერის შემდეგ. თუმცა, მწერალმა გასულ წელს ზღაპარი — The Ickabog-იც — გამოსცა, რომელიც ჯერ ონლაინ ქვეყნდებოდა, შემდეგ კი წიგნად დაიბეჭდა. წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.