ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიცვალა და ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. სპეციალისტები პანდემიის მესამე ტალღაზე საუბრობენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, დაიცვან წესები და თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან. თუმცა, მიუხედავად ამის, ვხედავთ კოვიდრეგულაციების უხეშ დარღვევას და იმ გულგრილ თუ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, რაც საზოგადოებაშია.
ამასთან, საგრძნობლად იკლო სამედიცინო პირბადის ტარების მაჩვენებელმაც, რაც ეპიდვითარებაზე ნეგატიურად ისახება. არსებული მდგომარეობის ფონზე, ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რაც, ეპიდემიოლოგების ნაწილის შეფასებით, უშუალოდ ხალხის შეკრებასა და ეპიდვითარების გართულებას გულისხმობს.
„რაც შეეხება ბრწყინვალე შვიდეულს, მოწოდება იქნება, რომ არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა. მოკრძალებულად გავაკეთოთ, გავიდეთ საფლავზე, ვცეთ პატივი ჩვენს მიცვალებულებს ისე, როგორც ეს ჩვენ გვეკადრება პანდეემის პირობებში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
თუ რა რეკომენდაციით შეიძლება მიმართოს საკოორდინაციო საბჭომ საპატრიარქოს, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც For.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, ამ კვირაში საბჭოს შეკრება არ ყოფილა და არც ახალი გადაწყვეტილებაა ცნობილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდში შესაძლოა, შეიზღუდოს საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილებაც.
„აღდგომის დროს ქალაქები იტვირთება, დადიან ადამიანები სააღდგომო დღესასწაულებზე, ბევრი მიდის სოფლებში და კარგია, რომ შემდეგ არდადეგები იქნება და ისინი დარჩებიან სოფლებში – მობილობა განიტვირთება და დაეცემა. გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოებია, ადამიანებს სჭირდებათ მუშაობა, ზოგს ბაღი აქვს დასამუშავებელი, ზოგს – მიწები და ვფიქრობთ, რომ ამან გარკვეულად უნდა განტვირთოს სიტუაცია. მაგრამ თუ ამ უქმე დღეებს ჩვენ გამოვიყენებთ სხვა მიზნისთვის – თავშეყრებისთვის, ქეიფებისთვის, ეს მოგვცემს საპირისპირო შედეგს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, მნიშვენლოვანია სააღდგომოდ, მოსახლეობამ, თავი შეიკავოს ხალხმრავალი შეკრებებისგან და ასევე „არ გამართონ ღრეობა“ სასაფლაოებზე.
„ჩვენივე შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. გავიხსენოთ, რამ გამოიწვია პირველი ტალღა და მძიმე შედეგები? - ისევ და ისევ სოციალური დისტანციის არდაცვამ და პირბადის არგამოყენებამ. პირველ რიგში, ადამიანები უნდა მოსცილდნენ ერთმანეთს, არ მოხდეს ჯგუფური შეკრება. ამიტომ, არ მიკვირს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თუ შეიზღუდება, რათა მაქსიმალურად მოხდეს განტვირთვა ამ მხრივ.
ეკლესიებში ამდენი ადამიანის ერთად შეკრება ერთ შენობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ყველას თავისი წესი აქვს სასაფლაოზე გასვლის. სასაფლაოზე გასვლა თუ მოხდება ცივილურ ფარგლებში და არ მოხდება ცხვრის დაკვლა საფლავზე და ღრეობის გამართვა, მაშინ არა უჭირს რა. თუ ადამიანები საკუთარი მანქანებით გადაადგილდებიან და დაიცავენ წესებს, შეზღუდვების ფონზე, შეიძლება ამის დაშვება.
რაც შეეხება უქმე დღეებს, შესაძლოა, გარკვეულწილად ხელი შეუწყოს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას, მაგრამ ეს უქმე დღეები ხომ არ იქნება იმის დასაბამი, რომ შემდეგ პურმარილზე შეიკრიბებიან ადამიანები? - ეს არის მთავარი. უქმე დღის გამოცხადება მაინცდამაინც არ იმუშავებს, თუ ადამიანები წესებს არ დაიცავენ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიებების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.