რა იმალება მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების უკან, რომელიც 18 მარტს კორონა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ დაიღუპა? რატომ არ სჯერა ოჯახს და მათ ადვოკატებს ექიმების „ცრუ ჩვენების“ და დაგვიანებული აღიარების?
აცრილი ექთნის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მედიკოსებს ახლა 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი გამოძიებისთვის მიცემულ წინა ჩვენებებში ამბობდნენ, რომ ბაქრაძეს, ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე, ადრენალი გაუკეთეს, თუმცა ახლა აცხადებენ, რომ არ გაუკეთებიათ. როდის თქვეს სიმართლე ექიმებმა გაურკვეველია. გარდაცვლილი მედდის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მათ კლინიკის ხელმძღვანელობა ამის თქმას აიძულებს. ეს შეიძლება იყოს, როგორც თანხის, ასევე დაშინების მეთოდის გამოყენებით.
თითოეულ მათგანს დღეს სასამართლომ 3-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენებაში ბრალდებული თეა გზირიშვილის გარდა, მოსამართლემ 3-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა 2 ექიმსაც, ბექა ლიპარტელიანს და ვიოლეტა ინასარიძეს.
მოსამართლე ნატო ხაჩიძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა - სახელმწიფო ბრალდება გირაოს სახით 5 ათას ლარს ითხოვდა. პროცესს არც ბრალდების მხარე და არც ბრალდებულები არ ესწრებოდნენ, სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, რომ მან მეგი ბაქრაძეს, აცრის შემდეგ, ადრენალინი გაუკეთა, შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მას მეგი ბაქრაძითვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია.
„მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო. ემოციური ბავშვი იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია“, - ამბობს ექიმი.
გამომძიებლის კითხვაზე, უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს, ვიოლეტა ინასარიძე პასუხობს:
„პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე“, - აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილ ჩვენებაში და იქვე ადასტურებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია: „არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ - არ ვთვლიდი, რომ ეს იყო ანაფილაქსის მაჩვენებელი“.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კი სამინისტროსთვის ძალიან საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალციხის კლინიკა „იმედის“ გუნდმა, რომელიც ვაქცინაციის შემდგომ, მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავ ორგანოებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ჩვენი კოლეგა ექთნის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც არ ასახავდა იმ სურათს, რომელიც კლინიკაში იყო. ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია.
რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით, ექსპერტების მოკვლევით, ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის მეუღლე მანუჩარ კობახიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სასირცხვილოა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც ბრალდებულ 2 ექიმს და 1 ექთანს ცრუ ჩვენების ბარლდების გამო 3 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. კობახიძე კითხულობს, ადამიანის მკვლელობაზე ამ თანხით გამოშვება შესაძლებელია? მეუღლე ეჭვობს, რომ ექიმებს ამის თქმას ვიღაც აიძულებს, რათა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. მისი თქმით, გამოძიება არასწორად მიდის და მხოლოდ დაბალ რგოლზე საქმის დასრულებას არ დაუშვებს.
„ჩემი მეუღლე პირველის თხუთმეთ წუთზე აიცრა და ამდენი ხნის განმავლობაში რას ელოდებოდნენ? ექიმები ხომ არიან, ვერ მიხვდნენ რა უნდა ექნათ? მე როცა დამირეკეს, უკვე ოთხის ნახევარი იყო. მე რომ ვნახე, გარდაცვლილი იყო. გული მერე აუმუშავეს ყვირილი რომ დავიწყე. ვიოლეტა ინასარიძე მედიასთანაც და წინა ჩვენებებშიც ამბობს, რომ თავიდანვე ყველაფერი გავუკეთეო. გიორგი აფციაური რეანიმატოლოგი მეუბნებოდა, რომ მანუჩარ მე რომ მივედი, მითხრეს, ყველაფერი გავუკეთეთ, რაც კი არსებობდაო, ადრენალიდიან დაწყებული ყველა ის პრეპარატი, რასაც ალერგიული რეაქცია უნდა შეეჩერებინაო.
დღეს ექიმი გამოდის და ამბობს, რომ იქ არ ვყოფილვარო, როგორ არ ყოფილა, რას იტყუება, რას თამაშობენ, ვერ გავიგე. დღემდე ეს ვიოლეტა და ის ორიც ჩვეულებრივად საავადმყოფოში მუშაობდნენ. ჩვენ რომ არ მივსულიყავით და არ გაგვეპროტესტებინა, მუშაობას კიდევ გააგრძელებდნენ. აბა როგორ მიდის გამოძიება, როგორ უნდა ვენდო ამათ? ამ საავადმყოფოს ვიღაც მფარველობს. რატომ არ აგებინებენ პასუხს ხელმძღვანელობას? ამხელა აცრებს როგორ აკეთებენ, როცა საავადმყოფოში, გამოდის, არ იყო სასწრაფოს ექიმი, რეანიმატოლოგი და ამხელა საპასუხისმგებლო საქმეს მაშ ვინ ხელმძღვანელობდა?“, - ამბობს გარდაცვლილის მედდის მეუღლე for.ge-სთან.
მისივე თქმით, როდესაც მან პირველად მეგი ნახა, თავზე გიორგი აფციაური რეანიმატოლოგი ედგა. ის უკვე დასიებული იყო, სავარაუდოდ, გარდაცვლილი. კობახიძე ამბობს, რომ მას ტვინის 99% უკვე მკვდარი ჰქონდა და თბილისში რომ წაიყვანეს, მხოლოდ გულსღა ამუშავებდნენ. მისი თქმით, ის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. არ გამორიცახვს, რომ ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს ან დიდი ოდენობით თანხა შესთავაზეს, ან კიდევ შეაშინეს. ამიტომ მათ ჩვენებები შეცვალეს.
მეგი ბაქრაძის დედა ირმა ბაქრაძეც for.ge-სთან ამბობს, რომ ერთ-ერთ ბრალდებულ ექიმს ვიოლეტა ინასარიძეს ჩვენება განზრახ შეაცვლევინეს და მასზე გარკვეული ზეწოლა მოხდა. მას ვიღაცა ჩვენების შეცვლას აიძულებს, რადგანაც კლინიკა „იმედის“ გადარჩენა მოხდეს და მისმა ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს.
„არ გამოვრიცხავ ექიმ ინასარიძეს ვიღაც ავალებდეს ასე თქვას. წარმოუდგენელია, ამდენი ხანი ამტკიცებდა, რომ ადრენალინი გაუკეთა და ახლა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა. არ გამოვრიცახვ ამას კლინიკა „იმედის“ გადასარჩენად აკეთებდნენ. უნდათ, რომ რეპუტაცია გადაირჩინონ და მათი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. ფაქტია, ამ საქმეში ერთი ან სამი ექიმი არაა დამნაშავე. მხოლოდ პატარა რგოლზე გადაბრალება არ უნდა მოხდეს. მთავარი ჩემთვის არის სიმართლე გაირკვეს. ვინ გამოიჩინა გულგრილობა, ვინ დაუშვა საბედისწერო შეცდომები. არ მინდა ვიღაცას ტყუილად რამე დააბრალონ და უდანაშაულო ადამიანები დაისაჯონ. ჩემთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენ წელს მისცემენ 2-ს თუ 16-ს, ჩემს შვილს ვეღარავინ დააბრუნებს“,-ამბობს for.ge-სთან გარდაცვლილი ბაქრაძის დედა.
ოჯახის ადვოკატი ვახო ბარამიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით მიდის. ამიტომ, როდის ამბობდნენ მოწმეები სიმართლეს, გაუგებარია. ახლა უკვე გაუგებარია ადრენალინი პირველივე წუთებში გაუკეთდა მეგი ბაქრაძეს თუ არა. ადვოკატი ამბობს, რომ ექიმების ჩვენებების სანდოობა კითხვის ნიშნებს აჩენს. 18 მარტის მოვლენები და ამ მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა.
„ვსაუბრობ არა იმუნიზაციის პერიოდზე, როდესაც ამბობენ, რომ ადრენალინი გაუკეთეს, არამედ იმუნიზაციამდე პერიოდზე. ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ 18 მარტთან დაკავშირებით გვაქვს, ამ 3 ადამიანის მიერ არის მოწოდებული, რომლებიც ცრუ მოწმეები აღმოჩდნენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ამ ადამიანებს არავინ აიძულებდა ეთქვათ, რომ ადრენალინი არ გაუკეთეს. ამ ტყუილის იდენტიფიცირებას პროკურატურა ვერ შეძლებდა, რადგანაც გარდაცვლილი მედდის სისხლში ადრენალინი ნაპოვნია. ასევე დაყოვნების ოთახში ვიდეო კამერები ჩართული არ იყო და მიმდინარე პროცესს არ იწერდა. ვინც იქ მეგის გვერდით იყო, ყველა ჩვენებაში მოვლენებს თანაბრად აღწერენ და ამბობენ, რომ ადრენალინი გაკეთდა. ამ ადამიანებს არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ იმისთვის, რომ საკუთარი თავი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე დაეყენებინათ და მათ ჩვენებები მაინც შეცვალეს. ამიტომ გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რომ მათ ამის თქმას ვიღაცა ავალებთ. საქმე ეხება იმას, გავიგოთ რით და რის გამო გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე. ექიმები, შესაძლოა, ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ და ამიტომაც ჩვენებები შეცვალეს. ამ ექიმებზე მხოლოდ ჯოხის გადატეხვა არ გამოვა“, - ამბობს for.ge-სთან გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი.