ბოლო პერიოდში, დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ საკმაოდ მწვავე და კრიტიკული განცხადებები გვესმის. ეს პირველ რიგში გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ჩაიშალა და მხარეები კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ. ამას დაემატა, 8 აპრილს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გარეშე მოხდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის მთავარი პირობაა, მოსამართლეთა არჩევის წესი შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზეა დამოკიდებული.
„1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებისა და მოქმედი წესების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ინიციატივას შესარჩევი პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების შეტანაზე, ამასთან სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა ყოველგვარი კონსულტაციის პროცესის გარეშე, ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ საქართველომ კანონმდებლობაში ცვლილებები ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გარეშე შეიტანა.
ევროკავშირი მკაცრად მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება მალე მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მათ რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, უზენაესი სამარათლო, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის მოსამართლეებით. მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის მთავარი პირობაა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“, – წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციურ რიგებში აღნიშნულ განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებენ და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, შესაბამისი სწრაფი ნაბიჯების გადადგმისკენ. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სრულად ასახავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მას ვენეციის კომისიას გაუგზავნიან, რის შემდეგაც ისინი თავად დარწმუნდებიან ამაში, რომ რეკომენდაციები მიღებულ კანონში სრულად არის ასახული.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან ამბობს, რომ რთულია რაიმე კონკრეტულის თქმა, შეუწყდება თუ არა საქართველოს ფინანსური დახმარება. მისივე თქმით, თუკი დასავლეთი „ქართული ოცნების“ სისწორეში დარწმუნდება, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.
„რაიმე პრობლემა გაჩნდება თუ არა ევროპულ დახმარებასთან დაკავშირებით, რთულია თქმა, თუმცა, ევროპამ ერთმნიშვნელოვნად თქვა, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ ასრულებს საქართველო აღებულ ვალდებულებებს ევროკავშირის წინაშე. თუ დასავლეთი დარწმუნდა, რომ ეს ბრალდებები და კრიტიკული მომენტები არის საფუძველს მოკლებული, მაშინ არავითარი პრობლემა ქართულ-ევროპულ ურთიერთობას არ დაემუქრება“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ევროკავშირის ბოლო განცხადება შემაშფოთებელია და აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მისივე თქმით, თუკი პროცესი ასე გაგრძელდება, ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ამასთან, მაისაია არც იმას გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს სანქციები დაუწესოს.
„ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, როგორც კი დენიელსონის მისია დასრულდა წარუმატებლად. ეს იყო ევროკავშირისათვის საკმაოდ სერიოზული სილის გაწნა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. ასე სტრატეგიულ მეგობარს არ ექცევიან. ხელისუფლებას წარმოადგენს ასევე ის გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში. აქ პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა გადმოსული.
დემოკრატიული მმართველობა გულისხმობს სახელისუფლებო შტოების ძალთა გადანაწილების ბალანს. როდესაც სასამართლო ხელისუფლება, ფაქტობრივად, არის მკვდარი, ეს ევროკავშირის სტანდარტებთან საკმაოდ შორს არის. ესაა ავტოკრატიული მმართველობის ფორმა, როდესაც სასამართლო ხელისუფლებას აკონტროლებს პოლიტიკური ბანდიტები, რომელთაც არავითარი კომპეტენცია არ გააჩნიათ. ეს ევროკაშირის შეშფოთებას, გაღიზიანებას იწვევს რადგან არავინ არ აპირებს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებას.
ევროკავშირსაც თავისი თმენის ფიალა აევსო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარები ევროინტეგრაციის მიმართულებით თანდათანობით საკმაოდ მყარად იკეტება. ვენეციის დასკვნის შემდეგ, ევროკავშირი უკვე გადავა კონკრეტული სანქციების გამოცხადების პოლიტიკაზე“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაკროფინანსური პაკეტს დახმარების სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.