რუსეთი და უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე იმყოფებიან. აღმოსავლეთ უკრაინაში სროლები არ წყდება და რუსეთი უკრაინის საზღვართან უპრეცედენტო სამხედრო ძალის მობილიზებას ახდენს. რა იქნება უახლოეს დღეებში და როგორ შეიძლება ეს დაპირისპირება საქართველოზე აისახოს, რთული სათქმელია, თუმცა მოლოდინი მძიმეა. უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ომის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება ნატოს მიერ უკრაინისთვის მაპის მინიჭება იქნება. ამის საპასუხოდ რუსეთის მხრიდან რეაქციამაც არ დააყოვნა და კრემლიდან მუქარა გაისმა.
უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სამხედრო წვრთნების „დასავლეთი 2021“ ჩატარება დააანონსა. სროლებს 10-მდე უკრაინელი ჯარისკაცი უკვე ემსხვერპლა. უკრაინის მიმართ რუსეთს ამოქმედებული აქვს ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი: პროვოკაცია, ძალის დემონსტრირება, დეზინფორმაცია და დივერსია.
უკრაინაში მიმდინარე პროცესები კი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და გავლენა აუცილებლად ექნება - ამბობენ ქართველი ანალიტიკოსები.
მათი თქმით, ოფიციალური თბილისი ახლა განსაკურებით აქტიური უნდა იყოს დასავლელ პარტნიორებთან, უნდა გაავრცელოს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები და მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც სამომავლო გეგმებს დასახავენ.
აშშ-ის პრეზიენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელიც უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის ზრდის შესახებ ინფორმაციის ფონზე შედგა. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა. აღინიშნა, რომ ბაიდენმა საუბარში დაადასტურა ვაშინგტონის „ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე“.
შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ გამოიწვიოს ან გააძლიეროს დაძაბულობა“, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ჯარი მობილიზებულია ყირიმსა და ორი ქვეყნის საზღვრის სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილის სხვა ადგილებში.
პენტაგონის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ იქ არსებული სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს.
„რუსეთის განზრახვის შესახებ საუბარი რთულია. ვაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას და ასევე მოწოდებას ტემპერატურის დაწევისა და დეესკალაციისკენ“, – აღნიშნა კირბიმ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დონბასში არსებული მწვავე ვითარების შესახებ უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ზალკალიანი „ტვიტერით“ ავრცელებს.
„გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების გამო. გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში რუსული ოკუპაციის ფონზე არსებული ვითარების შესახებ და გავამახვილეთ ყურადღება დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე“, - წერს ზალკალიანი.
უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება - ინფორმაციას პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ავრცელებს.
„უკრაინის თემაზე ჩემს კოლეგასთან ონლაინ შეხვედრა მქონდა. ვისაუბრეთ დონბასში განვითარებულ მოვლენებზე. ვისაუბრეთ იმ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ფორუმებზე უნდა გადადგას. ასევე ვისაუბრეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოიხატოს. ჩვენ ამ ნაბიჯებზე შევთანხმდით. უახლოეს მომავალში ჩვენი მხრიდან მათ მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება“, - უთხრა ჟურნალისტებს სამხარაძემ.
„რონდელის“ ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინაში ხდება ის, რაც საქართვეელოში 2008 წელს მოხდა. ბატიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სრულფასოვანი ექსპანსიისათვის ემზადება. ამისთვის კი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის სხვადასხვა სახის მობილიზებას ახდენს. შესაძლოა, ერთ და ორ დღეში დიდი ომი არ დაიწყოს, მაგრამ რუსეთი უკრაინის საზღვართან იმ დონის სამხედრო ძალის დაგროვებას ახდენს, რომ ფაქტია, მათი მხრიდან პროვოკაცია და დაპირისპირება გარდაუვალია.
„პუტინს აქვს გეგმა, რომ საბჭოთა კავშირი ხელახლა შექმნას. ამ საბჭოთა კავშირში ორი ქვეყანა უკრაინა და საქართველო აუცილებლად უნდა იყოს. მის გარეშე ეს კავშირი ვერ იარსებებს. კავკასიას რომ აკონტროლებდე აუცილებელია, საქართველოს აკონტროლებდე. ხოლო უკრაინის გარეშე რუსეთი ვერც ეკონომიკურ და ვერც დემოგრაფიულ განვითარებას ვერ შეძლებს. სამწუხაროდ, რუსეთის შესაჩერებლად დასავლეთს ცოტა ბერკეტები აქვს. მთავარი ახლა ისაა, თავად უკრაინა რას მოიმოქმედებს. მათ რუსეთს საბაბი არ უნდა მისცენ იმისთვის, რომ უკრაინაში გაშლილი დროშებით შევიდნენ. რუსეთის მხრიდან, როგორც 2008 წლის ომის შემთხვევაში მოხდა, ძალიან დიდი პროვოკაციები წამოვა. იგივე საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით რუსეთი ცეცხლის გახსნას გაამართლებს. იტყვის, რომ უკრაინაში მათი მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან. დუღილის ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს“,-ამბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, დონბასში დაახლოებით 3 მილიონი მოსახლეა და აქედან 600 ათასი რუსეთის მოქალაქეა. ამიტომ უკრაინამ, კი ბატონო, ცეცხლის გახსნაზე უნდა უპასუხოს, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებმა არ უნდა მოიმატოს. რუსეთმა უკრაინაში თუ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ეს რუსეთისთვისაც ადვილი გასეირნება არ იქნება. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ რეალურად ყველამ ვიცით სამხედრო უპირატესობა რუსეთის მხარეს არის. ამიტომ აქ ძალიან დიდი მსხვერპლი იქნება. ბატიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მსგავსად თუ ომი დაიწყო, ის 5 დღეში არ დასრულდება და შეიძლება დიდ ხნიანი კონფლიქტი მივიღოთ.
„ნაკლებად მჯერა, რომ ნატო უკრაინაში გაშლილი დროშებით შევიდეს. ეს იქნება სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა და ამით დახმარება. ამავე დროს ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს გადასცემენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. ასევე ისიც გასათვალსიწინებელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩადის და იქიდანაც მხარდაჭერა ექნება“, - ამბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომაც უკრაინამ ყველა სცენარი უნდა განიხილოს. თუმცა რუსეთს თავისი ამორალური ლოგიკა აქვს. მაგალითად, როდესაც 2008 წელს საქართველოში იჭრებოდა, მას უნდოდა ჩვენი ქვეყანა ნატოსთვის მიუღებელი და უინტერესო სახელწიფო ყოფილიყო; ეჩვენებინა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ შეუძლია. ყირიმის მითვისებაც მაშინ დაიწყო, როდესაც უკრაინა ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აწერდა. ამიტომ მუდმივად ცდილობს, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს.
„რუსეთი დონბასს თითქმის აკონტროლებს და ფაქტობრივად იქ საბრძოლო მოქმედებები არ უნდა სჭირდებოდეს. მაშინ ჩნდება კითხვა - ამას რატომ აკეთებს? ეს არის იმისთვის, რომ პუტინმა ზელენსკი აიძულოს, რაღაცა მოლაპარაკებებზე წავიდეს, პოლიტიკურად გარკვეული პოზიციები დაათმობინოს. უკრაინა რუსეთისკენ წაიყვანოს და უფრო მეტად გააკონტროლოს. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ ჰიბრიდული ომის სახე ექნება და ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზრდება. შეიძლება კიდევ მეტი ტერიტორიები წაართვას და აჩვენოს უკრაინელებს, რომ ამ ტერიტორიებს ნებით თუ არ დათმობენ, უკრაინის მნიშვნელოვან ტერიტორიებს ნაწილ-ნაწილ წაართმევს. რა თქმა უნდა, ნატო არ წავა ისეთ ნაბიჯზე, რომ საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის აგრესია მათი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გამწვავდეს. პუტინი თავისი ცინიკური და უტიფარი ქცევით ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ამოწმებს, ბაიდენი ბოლომდე რაზეა წამსვლელი. ამერიკა ერთადერთი რასაც იზამს, უკრაინას იარაღი მისცეს. უკრაინის არმიის გაძლიერებას შეეცდება, მაგრამ უკრაინელების სისხლი დაიღვრება“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ზელენსკის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ რუსეთს მოლოდინი ჰქონდა, რომ ის გარკვეულ დათმობებზე წავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომაც მოთმინების ფიალა აევსოთ და პროვოკაციაზე გადავიდა. რაც შეეხება საქართველოს, რა გავლენა შეიძლება ამ კონფლიქტმა ჩვენს ქვეყანას მოუტანოს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთს ახლა ბრძოლა იმდენ ფრონტზე აქვს გახსნილი, საქართველოსთვის ჯერჯერობით არ სცალია. ამიტომ რუსეთს ახლა კავკასიაში საბრძოლო მოქმედებები და ახალი დაპირისპირება არ აწყობს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თურქეთი კავკასიაში მოძლიერებულია და თუ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, თურქეთი 2008 წლის მსგავსად ნეიტრალური ვეღარ იქნება.
ვაშინგტონი კარგად იქნება ინფორმირებული რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესახებ და სააკაშვილის გარემოცვისაგან განსხვავებით, არ იაზროვნებს ასეთი კატეგორიებით - რუსეთის ჟანგიანი ტანკების არავის არ ეშინია და თუ ჭკვიანად არ იქნებიან, სულაც ურალს იქეთ გავრეკავთო!..
ასე რომ, მაქსიმუმი, რასაც გაუკეთებენ უკრაინას (ჩემი აზრით), ეს იქნება გრძელვადიანი სესხი, ოღონდ ფულის ნაცვლად იარაღს მიაწვდიან...
ხოლო შედეგი იქნება იგივე, რაც ჩვენ მივიღეთ 08-ში: სრული გაფარჩაკება და დაშლა!