შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი თავად მის ხელშია

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი თავად მის ხელშია

ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არის თავად მის ხელში. ასე იყო აქამდეც, დღესაც და ხვალაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მმართველი პარტია ოპონენტებს ახსენებს, რომ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში „ქართული ოცნება“ ვალდებულებას იღებდა მოემზადებინა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეს შეეხებოდა.

„ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ამ მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად ამნისტია გამოგვეცხადებინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.