დავით სერგეენკო: ყველას მინდა ვთხოვო, გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია

დავით სერგეენკო: ყველას მინდა ვთხოვო, გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ერთადერთი სწორი გზა ვაქცინაციაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, ექიმთან კონსულტაციების შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.

„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც საქართველოში დაიწყო, უფრო და უფრო ფართოვდება და რამდენიმე დღის წინ ახალი ჯგუფის ჩართვა გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ვაქცინის გაკეთება უკვე შესაძლებელი გახდა 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის და ამჯერად, მეც აღმოვჩნდი ამ კატეგორიაში. დღეს ჩავიტარე „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ინსტრუმენტია, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე რომ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ყველას მინდა ვთხოვო, რომ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - წერს დავით სერგეენკო.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ქვეყანამ კიდევ ერთი წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო.