გასული წლის დასასრულს, ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი რობერტო დი მატეო თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილას ესპანელი რაფაელ ბენიტესი დანიშნა.
ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, ბენიტესი სამუშაოს დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებდა. მის ხელში ლონდონური გუნდი არათანაბრად ასპარეზობს და ინგლისის თასის გარდა, მხოლოდ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების საგზურისთვის იბრძვის.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბენიტესის შესაძლო აბარგების შესახებ ხმები კიდევ ერთხელ აგორდა. კულუარული ცნობით, რომან აბრამოვიჩი ახალ მწვრთნელს მთელი სერიოზულობით ეძებს. ამ ინფორმაციამ ესპანელის ყურამდეც მიაღწია.
რაფაელი თავმოყვარე ადამიანია და გუშინ, გამოცემა „Goal.com”-თან საუბრისას განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ამჟამინდელ გუნდს საკუთარი სურვილით მიატოვებს.
„ლონდონური გუნდის გულშემატკივრებს არ ვუყვარვარ. ისინი ჩემს მიმართ სიძულვილს ყოველი საშინაო შეხვედრის მიმდინარეობის დროს აქტიურად გამოხატავენ. ეს ხალხი მსურს დავამშვიდო. სეზონის დასრულების შემდეგ „ჩელსის“ საკუთარი სურვილით დავტოვებ. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ჩემი განუწყვეტელი გინების ნაცვლად გუნდს მხარი აქტიურად დაუჭირონ.“ - განაცხადა რაფაელ ბენიტესმა.