ბრიტნი სპირსმა შერონ სტოუნს 2007 წელს წერილი მისწერა და დახმარება სთხოვა

ბრიტნი სპირსმა შერონ სტოუნს 2007 წელს წერილი მისწერა და დახმარება სთხოვა

თუკი Instagram-ზე ბრიტნი სპირსის გამომწერი ხართ, აუცილებლად თვალს მოკრავდით მის ბოლოდროინდელ პოსტს. საიდანაც ძნელი მისახვედრი არაა რომ მომღერალი შერონ სტოუნის დიდი თაყვანისმცემელია.

იმდენად დიდი, რომ შერონ სტოუნი ერთ-ერთი ადამიანი იყო, ვისაც ბრიტნი სპირსი დაუკავშირდა 2007 წელს. მაშინ როცა პოპ ვარსკვლავს რთული პერიოდი ჰქონდა.

კელი კლარკსონთან ინტერვიუში შერონ სტოუნმა გაამხილა, რომ 2007 წელს, ბრიტნი სპირსმა მას დიდი წერილი მისწერა, სადაც მსახიობს დახმარებას სთხოვდა.

"ბრიტნიმ მომწერა ძალიან გრძელი, მნიშვნელოვანი და მწვავე წერილი. მისი ცხოვრების ძალიან რთულ პერიოდში — იმ პერიოდში როცა მან თავი გადაიპარსა. მას სურდა რომ დავხმარებოდი", — განაცხადა მსახიობმა

მან განაგრძო: "ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი მქონდა. საკუთარ თავს ვერ ვეხმარებოდი. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ორივეს დახმარება გვჭირდებოდა. მასაც სჭირდებოდა დახმარება. მეც მჭირდებოდა დახმარება".

შერონის თქმით, მას ესმის, რომ ძნელია იყო "ძალიან წარმატებული ახალგაზრდა ქალი", როდესაც ადამიანები ცდილობენ აკონტროლონ შენი ცხოვრების ყველა ასპექტი.

მსახიობმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ქალები და ახალგაზრდა შემსრულებლები დიდი წნეხის ქვეშ არიან. ინდუსტრია მათზე გავლენას ახდენს და რაღაც მომენტში, ისინი ზეწოლას ვერ უძლებენ.

"საქმე იმაშია, რომ ბრიტნი სპირსის სიტუაცია ძალიან უკონტროლო და საშინელია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე, მეც ხშირად ვყოფილვარ უკონტროლო და საშინელ სიტუაციაში. ძალიან რთულია შენი ცხოვრების და ფინანსების განკარგვის უფლება მოიპოვო", — თქვა შერონ სტოუნმა.

შერონ სტოუნის გულწრფელი ინტერვიუ მას შემდეგ გავიდა ეთერში, რაც ბრიტნი სპირსის ადვოკატებმა სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანეს და მომღერლის მამისთვის მეურვის სტატუის მოხსნა ითხოვეს. იმის იმედით, რომ პოპ ვარსკვლავი შეძლებს საკუთარი ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნებას.