ჩვენ რეალურად, პირბადის ამარა დავრჩით და საზოგადოების ნახევარზე მეტი ამ პირბადეს არ ხმარობს ან სწორად არ იკეთებს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თუ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ცხოვრების გაგრძელება და ახალი შეზღუდვების შემოღება საჭირო არ გახდეს, აუცილებელია დაწესებული რეგულაციების შესრულება, პირბადის მოხმარების პროცენტული გაზრდა“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.