უკვე ერთი წელია, რაც პეტრე ცისკარიშვილი მეუღლეს, ანა სურმავას გაშორდა. ათწლიანი თანაცხოვრების პერიოდში ეს მათი პირველი განშორება არ გახლავთ. ისინი ხშირად ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. თუმცა, როგორც წყვილთან დაახლოებული პირი გვაცნობებს, პეტრე ანას ამჯერად საბოლოოდ დაშორდა და საცხოვრებლად ცალკე გადავიდა.
პეტრე ცისკარიშვილი და ანა სურმავა 2002 წელს დაქორწინდნენ. ანა პეტრეს თან ახლდა კუს ტბის გზაზე, როდესაც დეპუტატი თანმხლებ გოგონასთან ერთად რამდენიმე დღით პანკისში გაიტაცეს. როგორც ამბობენ, ამ უსიამოვნო ფაქტმა წყვილი უფრო დააახლოვა და მათი რომანი მალე ქორწინებით დასრულდა.
თუმცა იმასაც ამბობენ, დაოჯახების მიუხედავად, ყველაზე სიმპათიურ პარლამენტარად აღიარებული ცისკარიშვილი აქტიურად აგრძელებდა ლამაზმანებთან ერთ ან რამდენიმეღამიან რომანებს.
როგორც თბილისური ელიტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, იმ პერიოდში მის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მეგობარ გოგონად თბილისელი ლამაზმანი მარიკა მერაბიშვილი რჩებოდა. წყვილი ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ, ერთად სტუმრობდნენ თბილისსა და ბათუმში გასართობ ადგილებს. როგორც მათი მეგობრები ამბობენ, პეტრე და მარიკა უკვე რვა წელია მეგობრობენ, თუმცა, როგორც მეუღლეს, დეპუტატი მარიკასაც ხშირად შორდებოდა და ურიგდებოდა. მარიკაც გართობის სხვა საშუალებებს მიმართავდა და მეგობრებთან ერთად "ტუსოვკების" აქტიური სტუმარი გახლდათ. "აბა, სახლში ხომ არ გამოიკეტება, დრო გაჰყავს", - ამბობდნენ მისი ახლობლები, როდესაც კარგა ხანი ის პეტრე ცისკარიშვილთან ერთად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აღარ ჩანდა.
გასულ გაზაფხულს მარიკა ქალაქში "მერსედესის" მარკის ML-ის ცისფერი ჯიპით გამოჩნდა, რომლის ფასი იმ დროისთვის დაახლოებით 25 ათასი ამერიკული დოლარი იქნებოდა. მისი მეგობრების მონათხრობის თანახმად, მარიკამ ეს საჩუქარი პეტრე ცისკარიშვილისგან მიიღო. არ გასულა დიდი ხანი და ქართულ საზოგადოებას მარიკა ფეხმძიმე მოევლინა. ჭორიკანა თბილისელებს დიდი ხნის ფიქრი არ დასჭირვებიათ, უცებ გავრცელდა ხმები, რომ მარიკა ბავშვს პეტრე ცისკარიშვილისგან ელოდებოდა. რამდენიმე თვის წინ კი ქვეყანას პატარა ალისა მოევლინა. როგორც ახლობლები იუწყებიან, ბავშვი მამას ჰგავს. გოგონას ფოტოები ჯერჯერობით მკაცრადაა გასაიდუმლოებული, რადგან პატარა ალისა ჯერ არ მოუნათლავთ.
ნათლობა მალე იგეგმება. როგორც სანდო წყარო გვატყობინებს, ალისას ერთ-ერთი ნათლია ახალგაზრდა, უცოლო მილიონერი და სასურველი სასიძო გენო მალაზონია იქნება. მალაზონია ცისკარიშვილის დიდი ხნის ახლო მეგობარია, თუმცა სააკაშვილის რჩეულმა და მისი გუნდის მმართველ ხუთეულში მყოფმა ცისკარიშვილმა 2010 წელს თავისი მეგობარი დაჭერისგან ვერ იხსნა. როგორც მალაზონიას მეგობრები ამბობდნენ, მას გარკვეული პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. თუმცა საბოლოოდ გენო მალაზონიამ ციხეში რამდენიმე თვე გაატარა და როგორც ამბობენ, რამდენიმე მილიონის საფასურად გათავისუფლდა. გათავისუფლებული მალაზონია ერთ-ერთმა პირველმა მისმა კიდევ ერთმა გავლენიანმა მეგობარმა გიორგი არველაძემ ინახულა და როგორც მაშინ იუწყებოდნენ, "იმედში" გენერალური დირექტორის მოადგილეობაც შესთავაზა.
გენო მალაზონია სააქციო საზოგადოება "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გახლდათ. ცხოვრობს დედასთან ერთად, რომლის აზრსაც დღემდე ანგარიშს უწევს და როგორც ამბობენ, ყოველი ახალი რომანის დროს რჩეულის ფოტოს პირველ რიგში დედას აჩვენებდა. თბილისელ "სვეტსკი" გოგონებს კი, როგორც წესი, დედა იწუნებდა და იწუნებდა. ასე შემორჩა მალაზონია დღემდე უცოლოდ. მის რომანებზე კი ბევრს ლაპარაკობდნენ. ბოლოს მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე თიკო სადუნიშვილთან ერთად ხედავდნენ. ციხიდან ახალი გამოსული, უმანქანოდ და კომფორტის გარეშე დარჩენილი ნინა წკრიალაშვილის ავტომობილით გადაადგილდებოდა. შემდეგ გარკვეული პერიოდი ამერიკაში გადასახლდა, ამჟამად კი, როგორც ამბობენ, ვაკეში მარტო ცხოვრობს.
პეტრე ცისკარიშვილისა და მარიკა მერაბიშვილის ქალიშვილის მეორე ნათლია, როგორც შევიტყვეთ, მარიკას მხრიდან ანუკა ჟღენტი იქნება. ანუკა "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი წევრის, პიკასოს, იმავე ირაკლი ნოზაძის მეუღლე იყო. მოგვიანებით თბილისური ბომონდი მისი და გენო მალაზონიას რომანზეც ლაპარაკობდა. ამჯერად ისინი ნათლობაში შეხვდებიან.
როდის მონათლავენ პატარა ალისას, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ცერემონია აღარ გადაიდება, რადგან პატარა ალისას, ძალიან ახლობელი ადამიანების გარდა, ნათლობამდე არავის აჩვენებენ. მისი მონახულების ინტერესი კი, რა თქმა უნდა, დიდია.
სხვათა შორის, პეტრე ცისკარიშვილს 27 თებერვალს 39 წელი უსრულდება. მას ანა სურმავასთან 11 წლის ვაჟი ნიკოლოზ ცისკარიშვილი ჰყავს.
ახლა კი ანა სურმავას ერთ-ერთი მეგობრის მონაყოლზე გადავინაცვლოთ, რომელმაც გაგვიმხილა, რომ ამასობაში ანას თურმე სულაც არ მოუწყენია. მას გასულ წელსვე გაუბია რომანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ერთ-ერთ ახლო ძმაკაცთან და მასზე გათხოვებასაც აპირებდა, თუმცა არჩევნების შემდეგ წყვილი დაშორებულა. როგორც ამბობენ, მათი რომანის ამსახველი პიკანტური ფოტოები კი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად მარიკა მერაბიშვილს გადაუღია ერთ-ერთ ღამის კლუბში და ვის აჩვენა, ამას თავადაც ადვილად მიხვდებით.
თავად მარიკა, ალისას დაბადებისთანავე, საცხოვრებლად ვაკეში, მრგვალ ბაღთან ახალაშენებულ სახლში გადავიდა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, პეტრე ცისკარიშვილი მათთან პერიოდულად მიდის. როგორც ჩანს, ცისკარიშვილი მარტო ცხოვრებასა და თავისუფლებას მაინც ვერ ელევა. მას ისევ ხშირად ხედავენ სხვადასხვა გოგონას გარემოცვაში, ოფიციალურად კი "ნაციონალების" წარმომადგენელი ყაზბეგის გამზირზე 140 კვადრატული მეტრი ფართის ბინაში ცხოვრობს.