რამდენიმე დღის წინ, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც თბილისს დაბადების დღის აღსანიშნავად ეწვია, სასტუმრო „რუმსში“ დაბინავდა. აღნიშნული სასტუმრო ცნობილ ქართველ ბიზნესმენს, თემურ უგულავას ეკუთვნის. პოზნერი რომ რომელიმე ცნობილი ბიზნესმენის ცნობილ სასტუმროს ამჯობინებდა ბინების ყოველდღიური გაქირავების სააგენტოს მომსახურებას, გასაგებია, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ამ სტუმარ-მასპინძლობის თემას მიეძღვნა, მეტად პიკანტური აღმოჩნდა როგორც მასპინძლისთვის, ისე მისი სტუმრისთვის. საქმე ისაა, რომ სასტუმროში დაბინავებულ პოზნერს, სასტუმროს გარეთ მყოფმა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა კვერცხები დაუშინეს. პარადოქსი კი სწორედ ისაა, რომ მასპინძელი უგულავა, როგორც აღმოჩნდა „სირცხვილიას“ დამფინანსებელი თუ შმოწირველიც ყოფილა. ანუ, რა გამოდის? - უგულავას დაფინანსებულებმა დამფინანსებლის სტუმარს „კუდით ქვა ასროლინეს“ და ისე გააგდეს საქართველოდან.
ეს სახამუშო ინცინდენტი სოციალურ ქსელში ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა გაავრცელა:
„რამდენადაც ვიცი, ბიზნესმენი თემურ უგულავა, სასტუმრო „რუმსის“ მფლობელი და დელეგაციის მასპინძელია, ის, იმავდროულად აფინანსებს „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას „სირცხვილიას“. ალბათ უცნაურ ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, რადგან „სირცხვილია“ ახლა დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს, სადაც საკუთარი დამფინანსებლის სტუმრები არიან განთავსებულნი“.
აღნიშნული ინფორმაცია for.ge-მ „სირცხვილიას“ ლიდერთან გიგა მაქარაშვილთან გადაამოწმა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მაქარაშვილის თქმით, თემურ უგულავა „სირცხვილიას“ არ აფინანსებს, მაგრამ შესაძლოა, ადრე შემომწირველი ყოფილიყო.
„თემურ უგულავა, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი შეიძლება სხვადასხვა საქმიანობაში ჩართული იყოს. „სირცხვილიას“ თუ რამე დაფინანსება მიუღია, ყველაფერი საჯაროა. შემოწირულობას უამრავ მოქალაქისგან ვიღებთ. არ არის გამორიცხული, რომ მათ რიგებში თემურ უგულავაც იყოს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, მაგრამ როგორც ასეთი თემურ უგულავა და მისი კომპანიები „სირცხვილიას“ დამფინანსებლები არ არიან. ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. აღნიშნულ ინფორმაციას არ უარვყოფ, თუმცა, არც ვადასტურებ. „სირცხვილია“ დაახლოებით 20 ათასი ადამიანისგან იღებს შემოწირულობას. ამ 20 ათას ადამიანს შეიძლება სხვადასხვა შეხედულება ჰქონდეს, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის თუ ოდესმე თემურ უგულავას თანხა ჩაურიცხია, ალბათ, იმიტომ რომ „სირცხვილიას“ რაღაცაში ეთანხმებოდა, ან ცდილობდა რომელიმე პროექტისთვის ხელი შეეწყო. თემურ უგულავას სახელი - „დამფინანსებელი“, როგორც ასეთი, არასდროს გაჟღერებულა. კიდევ ერთხელ ვამბობ: შემომწირველად - კი“, - გვითხრა გიგა მაქარაშვილმა.
გიგა მაქარაშვილი ასევე, უარყოფს ინორმაციას, რომ რუსი ჟურნალისტის ვიზიტს, კვერცხების სროლით აპროტესტებდა.
„ვინ დაინახა, რომ კერცხებს ვუშენდი?! კი, ბატონო აქციაზე ვიმყოფებოდი, მაგრამ „სირცხვილიას“ არც ერთ წევრს კვერცხი არ უსვრია. თუ კვერცხს ვისვრით, ან პარლამენტთან სირცხვილის კორიდორს დავაყენებთ, პასუხისმგებლობას ყოველთვის ავიღებთ. ამ საკითხზე კი, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რადგან ჩვენი მხრიდან კერცხების სროლა არ ყოფილა“, - გვითხრა „სირცხვილიას“ ლიდერმა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია, მოკლე და ისიც სმს კომენტარით შემოიფარგლა: „ღმერთმა დამიფაროს, მთელი ცხოვრება რომ ლევან ნიკოლეიშვილის სიტყვებზე კომენტარი გავაკეთო“.
მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანიც გამორიცხავს, რომ ბიზნესმენ თუმურ უგულავას „სირცხვილიასთან“ კავშირი ჰქონდეს და მით უმეტეს აფინანსებდეს.
„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ბიზნესმენს შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით, შეუძლია სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობების და პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირებული აქტივისტების დაფინანსება. თუმცა, მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს და არასდროს მსმენია, რომ თემურ უგულავას „სირცხვილიას“ აქტივისტებთან კავშირი ჰქონდეს“, - განუცხადა ბექა დავითულიანმა for.ge-ს.
ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მან თბილისში ვიზიტი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დაგეგმა და მისი საქართველოში ყოფნა არ უკავშირდებოდა პოლიტიკურ მოვლენებს.
რუსი ჟურნალისტის თბილისში ჩამოსვლას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. პოზნერს და მასთან ერთად მყოფ პირებს სამოქალაქო აქტივისტები ჯერ სასტუმრო „ვინოტელთან“ დახვდნენ, შემდეგ კი სასტუმრო „რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და კვერცხები დაუშინეს.
რაც შეეხება თემურ უგულავას ბიზნესებს, ის ფლობს თბილისში, მუხიანში მდებარე რადიოქარხნის ტერიტორიას, რომელიც 2019 წელს 23 მილიონ ლარად შეიძინა. ასევე მის მფლობელობაშია სასტუმრო „რუმსი“ თბილისში, ასევე - ყაზბეგში, „სტამბა“ და „ფაბრიკა“.
როდის და რომელმა მოქალაქემ დაავალათ ან თხოვათ მაგათ, ვინმესთვის კვერცხების სროლა. ხოშტარია დაუძახებთ და ეგენიც დაფშვიტინობენ ქუჩაში.
იფშვიტინონ ბატობო რამდენიც უნდათ, მაგათი ნება და უფლებაა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებსაგან დავალებულად ნუ ასაღებენ (ასაღებთ) მაგ ფშვიტინს და კვერცხის სროლას.