ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ, მრევლისა და ბერ–მონაზვნების ნაწილს, რომლებიც ეკლესიაზე თავდასხმასა და ამბოხში მონაწილეობდნენ, ზიარება აუკრძალა იქამდე, ვიდრე არ მოინანიებენ. ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სასულიერო პირთა ნაწილი გაფართოებულ საეკლესიო კრებას მოითხოვს. ისინი ახლად დანიშნულ მეუფეს არ ცნობენ და განყენებული მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების განხილვას ითხოვენ.
ამბოხებული სასულიერო პირების უკან, რომ პეტრე ცაავა და მღვდელმონაზონი ანდრია სარია დგას, ეს საპატრიაქროს წინ გამართული საპროტესტო აქციით დადასტურდა. როგორც ცნობილია, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას, ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების და დაუსაბუთებელი ბრალდებები გამო, კათოლიკოს–პატრიარქის მიერ გამოცემულ 20 იანვრით დათარიღებულ ბრძანების მიხედვით მღვდელმსახურება აკრძალული აქვს.
მიუხედავად ამისა, ანდრია სარია არ დაემორჩილა ბრძანებას და ჩვეულ სტილში გააგრძელა ბრალდებების შემცველი განცხადებების გაკეთება. შესაბამისად, მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომაზე მღვდელმონაზონ ანდრია სარიას განუმარტეს, რომ მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება, თუმცა ამის შესახებ შესაბამისი კომისიის დასკვნის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ანდრია სარია მღვდელმსახურებიდან იმავე ქმედებების გამო უნდა განიკვეთოს, რის გამოც მას შენიშვნა უკვე გამოცხადებული აქვს.
„იცით, რომ მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა, მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც შეუჩერდა მღვდელმსახურება, დღეს შედგა კომისია და განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის დასკვნას – მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას. კომისია მიიღებს დასკვნას და რეაგირებისთვის ეს დასკვნა გადაეცემა პატრიარქს. მღვდელმსახურებიდან განკვეთა, ესაა დასკვნა რომელსაც დადებს კომისია. გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
გარდა სასულიერო პირებისა, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს არ ემორჩილებიან, მონაზვნები. კერძოდ დედა სოსანა და მორჩილი ნინო. რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრიდან გაათავისუფლა და სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა. ისინი გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან და თვლიან, რომ უსამართლოდ ისჯებიან. მეტიც, დედა სოსანა აცხადებს, რომ სინანულისთვის თუ ვინმე უნდა გაუშვან ეპარქიიდან, ეს არის სტეფანე კალაიჯიშვილი. მისი თქმით, სასულიერო პირები ქრისტიანული სამართლის კანონების დაცვისთვის იდევნებიან.
„ჩვენ არ ვისჯებით დღეს რაღაც მორჩილების შეუსრულებისათვის. ჩვენ დღეს ეკლესია პირდაპირ გვსჯის იმისათვის, რომ ხმამაღლა ვსაუბრობთ ჩვენს გულისტკივილზე, საქართველოს ეკლესიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. გვინდა ეს პრობლემები მოგვარდეს გაფართოებულ კრებაზე კანონებისა და სამართლის ფარგლებში. მეტი სხვა მოთხოვნა ჩვენ არ გვაქვს და ამ მოთხოვნისათვის ჩვენ დღეს ეკლესიიდან გვდევნიან“, – განაცხადა დედა სოსანა ბოლქვაძემ.
თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ თუ არ ცნობ ეკლესიას, არ იხსენიებ პატრიარქს, არ ემორჩილები მიტროპოლიტს, მაშინ ბუნებრივია, უნდა წახვიდე იმ მონასტირდან, რომელიც ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
„როდესაც მონაზონი ამბობს, რომ არ ვცნობ ჩემს ეპისკოპოსს. ანუ, თვითონ უნდა აირჩიოს თავისი ეპისკოპოსი? აბსურდია ეს ყველაფერი. ქრისტიანისთვის მთავარია თავმდაბლობა და მორჩილება. რა თავმდაბლობაზე და მორჩილებაზეა საუბარი, როცა ლამის „უფლებების დამცველად“ მოგვევლინა. საპატრიარქომ და სინოდმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პეტრე არის გადაყენებული, აღარ არის ეპისკოპოსი. დანიშნულია სხვა ეპისკოპოსი. როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი და ამიტომ არ დავემორჩილები, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“, – აცხადებს ლევან აბაშიძე.
მისივე თქმით, ჩვენ თუ ასე დავიწყეთ, დაიშლება ეკლესია.
„თუ შენ არ ცნობ ეკლესიას, არ იხსენიებ პატრიარქს, არ ემორჩილები მიტროპოლიტს, შეიგიძლია წახვიდე, არავინ არ გიშლის, მაგრამ არა, ამ მონასტერში უნდა შემოვიდეს. გეგონება, რომ ეს მისი მონასტერია. დედა სოსანას შეუძლია თქვას, რომ მე არ ვცნობ გადაწყვეტილებას, წავიდეს და დაჯდეს სახლში. ტრასპარანტებით დგომა და თქმა იმისა, რომ მონასტერში არ მიშვებენ, ჩემი უფლებები ირღვევა და ა.შ. ეს სულ სხვა სულია, ეს არაა ქრისტიანობა. იესო ქრისტე გაასამართლეს უსამართლოდ და დედა სოსონა, რომ გაასამართლონ უსამართლოდ, პირიქით, ღმერთის მადლობელი უნდა იყოს. მეცოდებიან ეს ხალხი, არ ესმით რა არის ქრისტიანობა, ვიღაცამ მათ გონება აურია“, – ამბობს თეოლოგი.
კითხვაზე, განყენებული პეტრე ცაავა მოქმედებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით, ლევან აბაშიძე ამბობს, რომ არ გაუკვირდება, რომ ასე იყოს.
„ბევრი მცოდნე ამბობს, რომ პეტრე ცაავა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილი ეპისკოპოსი, ჰქონდა ძალიან დიდი გეგმები, რომელიც არ გამოუვიდა. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აირჩიეს მმართველ პარტიად. შესაძლოა, ამაზე არის განაწყენებული და ახლა სხვა პროგრამა აქვს. ფაქტია, რომ არ იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ქრისტიანი. მე არ ვიცი მის უკან რომელი პარტია დგას, თუმცა არ გამიკვირდება და ვერც დაგიდასტურებთ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლევან აბაშიძემ.
მაშ ასე, დასჯილი მონაზონი მონასტერში არ მიდის, მორჩილებაზე და სინანულზე უარს აცხადებს პეტრე ცაავა და მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. სამიზნე ისევ კათალიკოს პატრიარქი და ეკლესიაა. განყენებული ცაავა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება და უწმინდესს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე დარწმუნებულია, რომ პეტრე ცაავა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს. მისი თქმით, ცაავა ხელდასმული იქნა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ, როგორც ეპსკოპოსი და მიტროპოლიტი, თუმცა ცალკე საკითხია მისი შესაბამისობა ამ სტატუსთან.
„პეტრე რომ „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს, ამას დიდი ფილოსოფია არ უნდა. სააკაშვილის პორტრეტი ეკიდა კაბინეტში, მისი ბიზნეს–ინტერესების შესახებ ბავშვმაც კი იცის ჭყონდიდის ეპარქიაში. უდიდესი პრობლემაა ის, რომ ჭყონდიდელი იყო ეს პეტრე, რომელსაც ისეთივე შეხება აქვს მიტროპოლიტობასთან, როგორც მე იუპიტერ-სატურნის რგოლებთან.
მეცოდებიან მისი მომხრეები, გულწრფელად თანავუგრძნობ, სხვაგან არიან. რა შუაში არიან ესენი ქრისტიანობასთან, ეს არის გაუგებარი. ამ კაცს იმის ცნობიერებაც არ აქვს, რომ თუ ხედავდა იმას, რასაც იძახის და სიმართლედ ასაღებს, მაშინ ამდენი ხანი სად იყო? სანამ ინტერესთა შეჯახება არ მოხდა, მანამდე ხმას რატომ არ იღებდა? მისივე სიტყვების მიხედვითაც დამნაშავეა. რა თქმა უნდა, ტყუილია რასაც ამბობს და თავის ტყუილებშია გაბლანდული“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.
რაც შეეხება პეტრე ცაავას კიდევ ერთ ბრალდებას, რომ კათოლიკოს პატრიარქს ციხეში ჰყავს გამომწყდეული სრულიად უდანაშაულო დეკანოზი, როგორც მანჯავიძე ამბობს, ამ დეკანოზის საქმენი საგმირონი ყველასთვის ცნობილია, მათ შორის ისიც, რას აკეთებდა დონეცკში.
„ეს ხალხი როგორ მოხვდა ეკლესიაში და როგორ დაწინაურდა, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ რასაც პეტრე ამბობს, რომ უდანაშაულო მღვდელი უზის საპატრიარქოს ციხეშიო, ეს რას ნიშნავს? თავი დავანებოთ ციანიდთან დაკავშირებულ ნიუანსს, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ის ჩანაწერი, რაც მოვისმინეთ, ავთენტური არ არისო. როგორც ეს დეკანოზი საუბრობს, არანაირად არ შეესაბამება დეკანოზის ლექსიკას. ყველაზე უფრო მდაბიო, უხამსი და დაცემული კრიმინალის ლექსიკასაც კი არ შეესაბემა მისი მეტყველება. და რა, ეს მეტყველებაც ჩაუდეს ამ დეკანოზს არაკეთილმოსურნე და შეთქმულმა სამართალდამცავებმა?
ყველამ ხომ ვიცით მისი საქმენი საგმირონი, რას აკეთებდა დონეცკში. მის ძმას რომ დაუღია პირი და ათას სისულელეს ლაპარაკობს... ორივე სრულიად გაუნათლებელი, უწიგნური, უზრდელი არსებები არიან. ამ დეკანოზის ეკლესიის წიაღში მოხვედრა და ისეთ თანამდებობაზე დანიშვნა, როგორიც არის ქონების მართვა, ეს არის პრობლემა. ეს სიმართლე კი უნდა ითქვას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერი სასულიერო პირები რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებენ, ამის შესახებ for.ge–სთან საუბრობს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, ცაავა თვისი დესტრუქციული ქმედებით ეკლესიას ნაკლებად დააზიანებს. საფრთხე სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ინსპირირებული კრიზისია, რომელიც უფრო მწვავდება. თუმცა მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს პროცესების დესტაბილიზაციას, ისევე როგორც პეტრე ცაავა ეკლესიის გახლეჩვას.
„მას საბოლოოდ განკვეთავენ ეკლესიიდან. ეს პატრიარქის ინიციატივით არ მოხდება, არამედ სინოდი იმსჯელებს ამაზე. პატრიარქმა მას უწოდა უძღები შვილი. თუ მოინანიებს, მას შეუძლია დაბრუნდეს ეკლესიაში, ანუ მამასთან. მაგრამ რითი პასუხობს? - თვითონ ამტკიცებს, რომ უძღები შვილია.
გასაგებია, მისი სულიერი მდგომარეობა ძალიან შორს არის ეკლესიიდან და სულიერებიდან. სამაგიროდ, ძალიან ახლოს არის ნაცობასთან, უკუღამრთობასთან. მათ აინტერესებთ მაქსიმალური სარგებელი, მეტი ძალაუფლება, მეტი სიმდიდრე. ამ პეტრეს საქმიანობის ერთადერთი მოტივაციაც ეს არის.
მან სიმდიდრეც დააგროვა, გავლენაც მოიპოვა, რეალურად ბატონობდა, საქმეებს აგვარებდა. მარტვილში ადგილობრივ ხელისუფლებაზე უფრო მეტი ძალაუფლება პეტრეს ჰქონდა, ის აწესრიგებდა ვითარებას, ბიზნესის საქმეეს მართავდა, ვის რა დახმარება უნდა მიეღო, ამას პეტრე წყვეტდა. ეს გავლენები დაკარგა, ამის დაბრუნებას ცდილობს, რაც ასევე არის ნაცების მოტივაცია. პეტრე ეკლესიის წევრი არ არის, ნაცების წევრია. ნაცობა არის უკუღმართობა და პეტრეც არის უკუღმართი ადამიანი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.