მთავრობა სააღდგომო შეზღუდვების ამოქმედებაზე მუშაობს

მთავრობა სააღდგომო შეზღუდვების ამოქმედებაზე მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიდსიტუაციის სხვადასხვა ინდიკატორი ბოლო ორი კვირის განმავლობაში უარესდება. მარტის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი 1.65%–ია. ნაკლებია, ვიდრე იყო თებერვალსა და იანვარში, თუმცა ბოლო ორი კვირა ეს მაჩვენებლი უარესდება. აქტიური შემთხვევების რიცხვიც იმატებს. ეს რაოდენობა კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მანიშნებელია, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა იზრდება.

იმ შემთხვევაში, თუკი ეპიდსიტუაცია ვერ შენარჩუნდა, მთავრობა სააღდგომო შეზღუდვებს აამოქმედებს. არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობამ სააღდგომო შეზღუდვების დაწესებაზე განხილვა დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით შეზღუდვების დაწესება არ განიხილება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე – როგორი ეპიდსიტუაცია გვექნება აპრილში.

„თუ ჩვენ ამ ფარგლებში შევინარჩუნეთ ეპიდსიტუაცია და ის ხელიდან არ „გაგვექცა“, ასეთ შემთხვევაში შეზღუდვებზე საუბარი არ იქნება, მაგრამ თუ ახალი შემთხვევების სერიოზული მატება იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხებზე იმსჯელებს. რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს, სადაც კლასტერები გვაქვს, შეიძლება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საკითხი განხილული იყოს.

ამ ეტაპზე „კომენდანტის საათის“ გადაწევის რეკომენდაციას ჩვენი ცენტრი ვერ გასცემს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური არ არის და გაუარესების ტენდენციაა. „კომენდანტის საათის“ დროს მთავარი მიზანი არის მობილობის შემცირება. ეს ინფექციის გავრცელების შენელების ერთ–ერთი მთავარი იარაღია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სპეციალისტების შეფასებით, აპრილი, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საფრთხილო პერიოდია და რეგულაციების შემსუბუქებაზე, შესაძლოა, მაისიდან იმსჯელონ, რადგან მაისიდან ვირუსი ნაკლებად ცირკულირებს, ასევე მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევაშიც, შედარებით უფრო ნაკლები ცირკულირება.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა ამბობს, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 437 გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 70–ზე მეტი შემთხვევაა, თუმცა ჯერჯერობით „ბრიტანული შტამი“ ფართოდ არ ცირკულირებს.

„ბრიტანული შტამის“ საერთო რიცხვი უკვე 70–ზე მეტია, რომლისგანაც გარკვეული ნაწილი კლასტერები იყო. ერთი საკმაოდ დიდი – 19 ადამიანის კლასტერი იყო. საბედნიეროდ, ჯერ არც „სამხრეთ აფრიკული“ შტამი, არც „ბრაზილიური შტამი“ ქვეყანაში არ გამოვლენილა. ამაზე მეთვალყურეობა მუდმივად გრძელდება“, –აცხადებს პაატა იმნაძე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვირის ბოლოს საქართველოში ჩინური ვაქცინა – „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ 100–100 ათასი დოზა შემოვა. ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოს საჩუქრად ეძლევა, გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია დაახლოებით 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართოდ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, სერბეთი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ბრაზილია და ჩილეში. ვაქცინა აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის, რომელთაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთია უნგრეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის მარეგულირებელი.

საქართველოში უკვე არის „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. ვაქცინირებული ადამიანებიდან 27–ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა. მათგან 4 შემთხვევაში ინტენსიური თერაპია გახდა საჭირო, 3 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციაში გადაყვანა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, გვერდითი მოვლენები და რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია. მისი თქმით, ჯერჯერობით კოვიდვაქცინაცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და არ განიხილება, რომ სავალდებულო გახდეს.

„თუმცა, ეს თითოეული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი მზადყოფნის თემაცაა. ვფიქრობ, რომ სამედიცინო საზოგადოებას, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა, აქვთ ცოტა შენელებული დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ. მჯერა, მათთან სავალდებულოობის ელემენტის შემოტანა არ გახდება საჭირო და თითოეული მათგანი გახდება იმის ნიმუში, როგორ შეუძლიათ სხვას მაგალითი მისცენ, ვაქცინაცია ჩაიტარონ და მზად დახვდნენ მორიგი შემოტევის ტალღას, რომელსაც კოვიდი გვიმზადებს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.